ქალებზე ძალადობის შემთხვევები ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ასევე იმატა იმ საქმეების რაოდენობამაც, რომელიც ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. მსხვერპლი ქალების ნაწილი პრობლემებზე ღიად საუბრობს და არც პოლიციისთვის მიმართვას ერიდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გასულ წელს 7000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ხატიაშვილმა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ მსხვერპლი ქალების მიმართვიანობის გაზრდა ორმა გარემოებამ განაპირობა.
''7000 მეტი შემაკავებელი ორდერი არის გამოცემული 2018 წელს, რაც აიხსნება ორი გარემოებით, ერთი მხრივ საზოგადოების ცნობიერება კიდევ უფრო ამაღლდა, მსხვერპლები ფლობენ ინფორმაციას იმ სამართლებრივი ინსტრუმენტების შესახებ, რომლითაც შეიძლება დაიცვან თავი. მეორე მხრივ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობა კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი. გვსურს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში შეიქმნას რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც შეაფასებს უკვე მსჯავრდებული პირის ქცევას. არსებული რიკების გათვალისწინებით კი შესაბამისი სტრუქტურები განახორციელებენ რეაგირებას'' - ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.
პროკურორები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ბრალდების მხარე საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებასაც ხშირად ითხოვს. ისინი მოძალადეების პატიმრობაში დატოვებას აღარ ერიდებიან და ამ მიმართულებით, საპატიმრო სასჯელის შეფარდების მაჩვენებელიც მომატებულია. თუმცა არის განსხვავებული შემთხვევებიც. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იხსენებს საქმეებს, როდესაც პროცესის მიმდინარეობისას მსხვერპლმა ქალებმა მოძალადესთან შერიგება ამჯობინეს.
''ბოლო წლებში გაზრდილია იმ საქმეების რიცხვი, როდესაც სახელმწიფო სისხლის სამართლის დევნას იწყებს მოძალადე ქმრების ან მეგობარი მამაკაცების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია. დაახლოებით 10-15 პროცენტით იზრდება ამ კატეგორიის საქმეები. ძირითად პრობლემებს ვხვდებით, მტკიცებულებების გამოკვლევის დროს, როდესაც დაზარალებული მსხვერპლი ქალბატონები უკვე სასამართლოში ჩვენებას აღარ აძლევენ, სავარაუდო მოძალადეების მიმართ. ეს არის საკმად მნიშვნელოვანი პრობლემა'' - ამბობს დავით მამისეიშვილი.
მიმდინარე წელს ქალებზე და ოჯახში ძალადობის ათობით შემთხვევა დაფიქსირდა. შსს-ს სამინისტრო ახალ სტრატეგიაზე მუშაობს და პარალელურად გამომძიებლების გადამზადებაც მიმდინარეობს.