სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლაში, USAID დაფინანსებით, ახალი სანიტარული ინფრასტრუქტურა მოეწყო. პროექტის ფარგლებში, სრულად შეიცვალა წყალგაყვანილობის სისტემა, დამონტაჟდა წყლის ბიოლოგიური გაუვნებელყოფის თანამედროვე აპარატურა, წყლის გამაცხელებელი, შენობის შიგნით თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო ტუალეტები და მწყობრში შევიდა სეპტიკური წყლების გასუფთავების ეკოლოგიურად უსაფრთხო სისტემა.
სკოლის მასწავლებლებს ჩაუტარდათ სპეციალური გადამზადება სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხებში, ყველა კლასში ჩატარდა ე.წ. „სუფთა ხელების“ გაკვეთილები.
პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს სამედიცინო ჯგუფისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერას“ ხელშეწყობით განხორციელდა.
საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა სკოლებში და საბავშვო ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაა. სკოლების დიდ ნაწილში, განსაკუთრებით სოფლებსა და დაბებში, წყლისა და კანალიზაციის სისტემა ან არ არსებობს, ან მოშლილია და მათი გამოყენება შეუძლებელია. ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო კი, მზარდია სხვადასხვა დაავადებების სტატისტიკაც.
საჯარო სკოლებში მძიმე სანიტარული პირობების სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა. ომბუდსმენის აპარატმა ექვს რეგიონში 108 სკოლა შეისწავლა, სადაც 16-ში სასმელი წყალი საერთოდ არ იყო, დიდ ნაწილში კი მოშლილი იყო საპირფარეშოები, წყლის სისტემა და ა.შ