თბილისის მერის კახი კალაძის ინიციატივა, რომელიც კოეფიციენტების მატებასა და K2 კოეფიციენტის გაყიდვის აღკვეთას ეხებოდა, ბათუმის მერს მოსწონს.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ლაშა კომახიძემ უთხრა, რომ ამ მიმართულებით რეგიონშიც მუშაობენ და საზოგადოებისთვის დაზუსტებული ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
''ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არ შემიძლია დავმალო ჩემი მოწონება და აღფრთოვანება, იმ პროექტის მიმართ, რომელიც თბილისის მერიამ შეიმუშავა. ბათუმში საკრებულოს წარმოებაში აქვს საკითხი, აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციები შემოგვაქვს, რომელიც K2 გამოყენებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. რა თქმა უნდა ვმსჯელობთ ამ საკითხზე და კა2-ის შემდგომ ბედზე. უახლოეს პერიოდში უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით'' - განაცხადა ლაშა კომახიძემ.
ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაცემის წესში ცვლილებები იგეგმება.
თბილისის მერმა დღეს განაცხდა, რომ კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ქალაქის დამახინჯებას და ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას ხელი შეუწყო.
2018 წლამდე K2 კოეფიციენტს აჭარის მთავრობა გასცემდა. რეგიონის ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაცემის საკითხი ბათუმის მერიას გადაეცა.