9 მარტის ქუჩაზე, 4 წლის წინ, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის გამო, ნახევრად განადგურებული სინაგოგას შენობას რეაბილიტაციას ორგანიზაცია "ისრაელის სახლის" დამფუძნებელი იციკ მოშე ჩაუტარებს - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე წერს.
ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით - ისრაელის სახლის და იციკ მოშეს თაოსნობით აღდგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, როგორც ქართულ-ებრაული მეგობრობის და კულტურის მუზეუმი.
- სივრცე შეინარჩუნებს ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას.
- მოხდება სრული რეკონსტრუქცია, ისტორიკოსების, ხელოვნებათმცოდნეების და ამ ძეგლისთვის მებრძოლი ყველა აქტივისტის ჩართულობით.
"დღეს უბედნიერესი საღამო მაქვს ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებით. შეიძლება გახსოვთ კიდეც. ზუსტად 4 წლის წინ, 2015 წლის 20 თებერვალს, სამშენებლო კომპანია "გუმბათმა", რომელიც ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე აშენებდა მრავალსართულიან კორპუსს, გამოუთხარა ძირი მომიჯნავედ მდგარ მეოცე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, სადაც 1929 წლიდან მოქმედებდა პირველი სინაგოგა აჭარაში. სახლი უფრო ძველი ნაშენია და მანამდე ქართველი ებრაელი ცხოვრობდა. მშენებლობის შედეგად ეს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნახევარი ჩამოინგრა და შიგნით არსებული უნიკალური მემკვიდრეობა, კედლის მხატვრობა და საღვთისმსახურო ატრიბუტიკა ღია ცის ქვეშ დარჩა. იმ დღიდან მოყოლებული, ადამიანთა მცირე ჯგუფი ვცდილობდით გადაგვერჩინა ეს კულტურული ძეგლი, ბევრი ვიხმაურეთ, ბევრიც ვიწვალეთ, მაგრამ მხოლოდ ყურადღების მიქცევა შევძელით. ლამის 4 წელია მიმდინარეობდა ბრძოლა ძეგლის გადასარჩენად, რამდენიმე თვის წინ, შოთა გუჯაბიძე-ის და მეგობრების დახმარებით, მოხერხდა შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება და ებრაული თემისთვის გადაცემა.
მოკლედ კი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადარჩება, აღდგება და იქნება კიდევ ერთი ლოკალური გამარჯვება ბათუმისთვის და ზოგადად აქტივიზმისთვის" - წერს ირაკლი კუპრაძე და ამ ძეგლის დამცველების მცირე ჯგუფს მადლობას უხდის - "მადლობა ეკუთვნის უამრავ უხილავ ადამიანს, რომელიც ამ საქმისთვის შრომობდა და აწ უკვე დღეიდან, ჩვენს თანამოაზრეებს იცაკ მოშეს, George Bernstein-ს, რაულ აგიკიანს, შოთა გუჯაბიძესა და მურატ ცინცაძეს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ამ ინიციატივის შესახებ ფლობენ.
ფოტოები: ირაკლი კუპრაძე