საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბის ევროპის“ პირველ შეხვედრაში დღეს რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ კლუჟში გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები პირველი მატჩისთვის ორი კვირის განმავლობაში ემზადებოდა. რუმინეთი-საქართველოს სარაგბო შეხვედრა ორ ქვეყანას შორის 300-წლიან ურთიერთობებს მიეძღვნება. ტრადიციულად, გუნდები „ანთიმოზ ივერიელის თასისთვისაც“ იბრძოლებენ, რომელიც ამ გუნდებს შორის 2002 წლიდან თამაშდება.
კლუჟის სტადიონზე მასპინძელი ქვეყნის ნაკრების წევრები მატჩამდე სპეციალური ლოგოიანი მაისურით გამოვლენ, რომელზეც ანთიმოზ ივერიელის, ვახტანგ VI და კონსტანტინ პრინკოვეანუს ფოტოებია დატანილი. „ბორჯღალოსნები“ „რაგბის ევროპის“ ორ საშინაო მატჩს 17 თებერვალს ესპანეთის წინააღმდეგ ავჭალაში, ხოლო 10 მარტს გერმანიასთან ქუთაისში აია არენაზე გამართავენ.