აჭარაში, გასულ წელს 69 328 ვიდეოჯარიმა დაიწერა. მონაცემები აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.
ვიდეოკონტროლის მეშვეობით მძღოლებს აჯარიმებენ შუქნიშნის წითელ ფერზე მოძრაობის შემთხვევაში, მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში ან მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილების დროს, ასევე ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის და სიჩქარის გადაჭარბებისას.
უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის, კონკრეტულად რამდენი მძღოლი დაჯარიმდა და რეგიონში რა ტიპის დარღვევები ჭარბობს.
აჭარაში 127 ზოგადი ხედვის კამერაა ჩართული. შსს-ს ინფორმაციით, ზოგიერთ ქუჩასა და გზატკეცილზე მოქმედებს 2 ან მეტი.
სათვალთვალო სისტემა საგზაო მონაკვეთების გარდა, ტურისტულ ზონებში, მათ შორის ძველ ბათუმში და ბულვარის ტერიტორიაზეც არის განთავსებული.
2018 წელს, აჭარაში 6 ლოკაციაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარებიც დააყენეს. ადგილები კვლევის შემდეგ სპეციალურად შეარჩიეს. კონკრეტულად კი, საავტომობილო გზის ის მონაკვეთები, სადაც მძღოლები დადგენილზე უფრო მაღალი სიჩქარით გადაადგილდებიან.