სამართალდამცველებმა მოქალაქე მაშინ დააკავეს, როდესაც ავტომობილით 10 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში გადაჰქონდა. ავტომობილიდან ამოღებულია 2 723 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-სთვის განკუთვნილი 500 კოლოფი „HEETS“-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი.
სულ უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოვლინდა, დაკავებულია ერთი პირი.
''ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს''- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.