შსს ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს - დედას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. თუმცა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რამე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 4 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეს ეხება.
შსს-ში შეტყობინება პირველად 6 იანვარს შევიდა, რის საფუძველზეც ბავშვის დედა დააკავეს, გოგონა კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მცირეწლოვნის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.