აჭარაში წითელას მხოლოდ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული - ნინო ნიჟარაძე

17 იანვარი 2019, 00:00 2075 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგი გამართა. ნინო ნიჟარაძის თქმით, რეგიონში მიმდინარე თვეში, წითელას მხოლოდ ორი შემთხვევაა რეგისტრირებული. 

''მიმდინარე თვეში ამ მიმართულებით სიმშვიდე გვაქვს. სულ ორი შემთხვევაა რეგისტრირებული. გასული წელი იყო ძალიან დაძაბული, იანვრიდან დაწყებული პირველი 4 თვე, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდებოდა. მაშინ ქვეყანაში ეპიდემია პრაქტიკულად აჭარიდან დაიწყო. ის, რომ რეგიონში ამ ეტაპზე წითელას მხოლოდ ორი შემთხვევაა დაფიქსირებული სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს, ვინაიდან წითელა გახლავთ ძალიან მაღალი გადამდებლობით მახასიათებელი დაავადება. იქედან გამომდინარე, რომ აჭარა მიგრაციული ზონაა, შესაძლებელია შემთხვევათა მატება დაფიქსირდეს'' - აცხადებს ნინო ნიჟარაძე. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. 

''მოსახლეობას მოვუწოდებთ, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმებს, ვაქცინაცია 15 წლამდე ასაკი ბავშვებში ტარდება აცრის სტატუსის გათვალისწინებით, ხოლო 15 წლის ზემოთ სტატუსის მიუხედავად. ვაქცინაცია ნებისმიერი ასაკის პირისათვის უფასოა. წითელას საწინააღმდეგო აცრას ექვემდებარებიან რისკ-ჯგუფის წარმოამდგენლები- სამედიცინო პერსონალი, დაავადებულთან კონტაქტში მყოფი და იმუნიტეტის არმქონე პირები'' - თქვა ბრიფინგზე ნინო ნიჟარაძემ.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაეროვანი გზით, ასევე ინფიცირებული ადამიანის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით გადადის. 

გასულ წელს აჭარაში წითელას ვირუსის 322 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო.

ამავე კატეგორიაში