H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა. ბოლო ორი შემთხვევა ქუთაისში დაფიქსირდა. საქართველოს მასშტაბით სამ კლინიკაშია გამოცხადებული კარანტინი, მათ შორის ერთი ბათუმშია.
რეჟიმი მნახველების შესვლის შეზღუდვას გულისხმობს, მიზანი კი ვირუსის გავრცელების შემცირებაა. ბოლო მონაცემებით აჭარაში გრიპის სიმპტომებით 200-ზე მეტი მოქალაქე მკურნალობს. 22 შემთხვევაში კი ვირუსი დადასტურებულად ე.წ. ღორის გრიპია. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რიცხვი არ აჭარბებს ზღვარს, შესაბამისად ამ ეტაპზე არ არის ეპიდემიის საშიშროება.
მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი კი სიფრთხილითაა გამოწვეული. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით მოქალაქეების დაყოვნების თავიდან ასაცილებლად, ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადიან და პაციენტებს დილის 09:00 საათიდან - საღამოს 20:00 საათამდე მოემსახურებიან. ბოლო ცნობები და სტატისტიკა გაავრცელა ცოტა ხნის წინ აჭარის საზოგადოებრივმა ჯანდაცვის ცენტრმა.