ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

27 დეკემბერი 2018, 00:00 2057 ნახვა

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.  მის გადაწყვეტილებამდე თანამდებობა დატოვა მოადგილემ. ზარდიაშვილს მიზეზებზე არ უსაუბრია, თუმცა მიზეზების დასახელებისგან თავი არ შეუკავებია დღეს თავად ბესელიას. როგორ აფასებენ გუნდში მის გადაწყვეტილებას,  რატომ საუბრობს მმართველი გუნდი შიდა დაპირისპირებაზე და რა კონკრეტული დეტალების გასაჯაროებას აანონსებს პარლამენტის თავმჯდომარე.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლა არა მოსამართლეების საკითხს, არამედ სხვა რამეს უკავშირდება, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან ირაკლი კობახიძე ის თავს იკავებს, ირწმუნება რომ ეს არის შიდა სამზარეულო, რომელსაც მალე  ნაწილობრივ გარეთ გამოიტანს. არჩილ თალაკვაძის თქმით, აზრთა დაპირისპირება უმრავლესობის შიგნით არ ნიშნავს დაშლას, მამუკა მდინარაძე კი არ მალავს, რომ არსებობს შიდა შეუთავსებლობა, თუმცა კონსესუსის იმედს იტოვებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კი მმართველი გუნდის წევრები ღიად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თემა კი კვლავ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იყვნენ. ამასთან, იურიდიულმა კომიტეტმა უნდა აირჩიოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელმაც უნდა შეასრულოს თავმჯდომარის მოვალეობა. საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როდესაც ვანო ზარდიაშვილმა დატოვა თანამდებობა. ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილის შემცვლელად გედევან ფოფხაძე დაასახელა, თუმცა მმართველი გუნდიდან მას რეგლამენტი შეახსენეს და გაირკვა, რომ დღეს შემცვლელის დანიშვნა კანონს დაარღვევდა.  გედევან ფოფხაძესა და ეკა ბესელიას შორის  ახლო მეგობრობა მხარეებს საჯაროდ არასოდეს დაუმალავთ, მაშინ როდესაც გედევან ფოფხაძის პარტიიდან წასვლა დღის წესრიგში იდგა, მმართველი გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებით ეკა ბესელია მას თანადგომას უცხადებდა.

ვანო ზარდიაშვილის ოფიციალური  გადაწყეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ მედიისთვის უცნობია. თუმცა აღსანიშნავია ერთი დეტალი, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიძაბა, როდესაც პარლამენტში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ საკითხს იურიდიული კომიტეტი განიხილავდა. ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილთან და ანრი ოხანაშვილთან ერთად ითხოვდა სხდომის დახურულ ფორმატში წარმართვას , რასაც კომიტეტის თავმჯდომარე შეეწინააღმდეგა. ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომის მიზეზები განმარტა. აღნიშნა, რომ მისი გადადგომით, უზენაესი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის  გაუმართლებელი პროცესი შეაჩერა. ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური მისი თქმით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, პარლამენტმა და კომიტეტმა უნდა იმუშაონ იმ პროცედურების სრული დაცვით, რომელიც პროცესს გახდის გამჭვირვალეს, სამართლიანსა და სწორს. ამასთან, ბესელია მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა სია უნდა იყოს გაწვეული და არა, შეჩერებული.

ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მოუწევს უარი თქვას კომიტეტის თავმჯდომარისთვის გათვალისწინებულ პრივილეგიებზე , როგორც ავტომობილის მომსახურებაზე , ისე  შეუმცირდება  შრომითი ანაზღაურება და კიდევ ერთი - მოუწევს რიგითი დეპუტატის რანგში დატოვოს კუთვნილი კაბინეტი.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში