განცხადება სავარაუდოდ ნარკოტიკებით გამოწვეული ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით

14 დეკემბერი 2018, 00:00 1588 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „ალტერნატივა ჯორჯია“, „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ და „ღია საზოგადოების ფონდი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ეხმაურებიან, ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, სავარაუდოდ, უცნობი, ძლიერმოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტებს. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს არ არის ნარკოტიკული ნივთიერებით გამოწვეული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების პირველი ეპიზოდი მიმდინარე წელს. მაისში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე ტრაგიკული ფაქტის შესახებ, რასაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი 12 მაისის მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია და თანმდევი მოვლენები მოყვა.“თუმცა, მაისიდან დღემდე, საზოგადოებას ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისგან, არ მიუღია სათანადო და ამომწურავი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით“,-ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

შექმნილ ვითარებაში, ისინი მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ბოლო პერიოდში, ისევე როგორც მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირებული ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ფაქტების გამომწვევი მიზეზების შესახებ; ჯანდაცვის სამინისტრომ, სხვა უწყებების ჩართულობით, შექმნას გაფართოებული სამუშაო პლატფორმა, სადაც პროფესიული და დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით, განისაზღვრება მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები; სახელმწიფომ დაგეგმოს და გადადგას რეალური პრევენციული ნაბიჯები ნარკოტიკებით გამოწვეული ინტოქსიკაციის და გარდაცვალების ფაქტების შემდგომი პრევენციის მიზნით; საქართველოს პარლამენტმა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის განხილვას.

ამავე კატეგორიაში