„სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო“ არ წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატთან სტრუქტურულად დაკავშირებულ სუბიექტებს - "სახალხო დამცველი"

02 თებერვალი 2025, 13:10 102 ნახვა

„სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭო“ და არც „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო“ არ წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატთან სტრუქტურულად დაკავშირებულ სუბიექტებს, - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

ომბუდსმენი „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს“ წევრთა ნაწილის მიერ საბჭოს დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"აღსანიშნავია, რომ არც „სახალხო დამცველთან არსებული რელიგიური უმცირესობების საბჭო“ და არც „სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭო“ არ წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატთან სტრუქტურულად დაკავშირებულ სუბიექტებს. ორივე საბჭო არის დამოუკიდებელი, თვითრეგულირებადი სუბიექტი და მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატთან მრავალწლიანი თანამშრომლობისა, სახალხო დამცველი არასდროს ყოფილა ჩართული საბჭოების მიერ საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის განსაზღვრაში, განხორციელებულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღებაში. შესაბამისად, ვერ აიღებს პასუხისმგებლობას საბჭოებში განვითარებულ შიდა პროცესებზე.

 

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხზე და ამ მიზნით ყოველწლიურად სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები, რეგიონულ თუ ცენტრალურ დონეზე, შეხვედრებს მართავენ, როგორც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან, ისე შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. აპარატის მიერ იდენტიფიცირებული გამოწვევები და მათ აღმოსაფხვრელად შემუშავებული რეკომენდაციები აისახება სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.

 

სახალხო დამცველი და მისი აპარატი გააგრძელებს თანამშრომლობას ყველა ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვასა და ადვოკატირებაზე მუშაობს," - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში