საია-მ სახალხო დამცველს მიმართა, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის, სპეციალური სამედიცინო ჯგუფი შექმნას

02 თებერვალი 2025, 16:12 107 ნახვა

საია-მ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს, უზრუნველყოს სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, – ამის შესახებ, ინფორმაციას  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.

„საიას“ განცხადების თანახმად, იმისათვის, რომ მზია ამღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ გაკონტროლდეს, აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფის შექმნა.

„2025 წლის 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომლებიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად. მიუხედავად იმისა, რომ პირველ თებერვალს შესაბამის უწყებებს მივმართეთ აღნიშნული კვლევების უზრუნველსაყოფად, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ჩვენს მოთხოვნას. ამასთან, მზია ამაღლობელი, უკვე 22 დღეა, სრულ შიმშილობაზე იმყოფება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების რისკს. იმისათვის, რომ მზია ამღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ გაკონტროლდეს, აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომლის პირველადი შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს რეანიმატოლოგის, ენდოკრინოლოგისა და მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტებით. საჭიროების შემთხვევაში მათ უნდა შეუერთდნენ ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი და გასტროენტეროლოგი. საია მოუწოდებს სახალხო დამცველს, უზრუნველყოს ამ ჯგუფის შექმნა, რათა დროულად იქნეს მიღებული საჭირო სამედიცინო ზომები. სახალხო დამცველს ასევე მიეწოდა იმ ექიმების სია, რომლებიც მზად არიან, ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში