ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი საქართველოში ხელისუფლებას მოუწოდებს თამბაქოს კონტროლი გააძლიეროს და გაზარდოს ყველა ტიპის სიგარეტის ღირებულება. უფრო კონკრეტულად კი, ორგანიზაციის რეკომენდაციაა ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე განსხვავებული ბეგარას სისტემა ერთიანი გახდეს, პარალელურად კი მოიმატოს აქციზის ღირებულებამაც.
კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 32%-ზე მეტი თამბაქოს მომხმარებელია. ყოველწლიურად 11 400 ადამიანი მწეველობის გამო სხვადასხვა დაავადებით იღუპება. ამ სტატისტიკის შესამცირებლად, აუცილებელია თამბაქო ძვირადღირებული პროდუქტი გახდეს, მიიჩნევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისი საქართველოში.
"2017 წლის კვლევის თანახმად, თამბაქოზე გადასახადების ზრდა 15 წლიან პერსპექტივაში თამბაქოს მოწევის მაჩვენებელს 27%-ით შეამცირებს, გადაარჩენს 35 000 ადამიანის სიცოცხლეს და მოიტანს სარგებელს 2.2 მილიარდი ლარის მოცულობით. ამ შედეგის მისაღწევად უნდა უპასუხოს რამდენიმე გამოწვევას თამბაქოს პროდუქტების დაბეგვრის სფეროში.
1. სერიოზული პრობლემაა თამბაქოს პროდუქტების არათანაბარი დაბეგვრა, კერძოდ, სხვაობა უფილტრო და ფილტრიან სიგარეტების გადასახადებს შორის, რაც თამბაქოს ინდუსტრიას შესაძლებლობას აძლევს გვერდი აუაროს გადასახადს, მწეველთა ნაწილს კი, ნაცვლად იმისა, რომ სარგებელი მიიღონ თამბაქოზე თავის დანებებით, ან მისი მოხმარების შემცირებით, თამბაქოს ერთი პროდუქტის მეორეთი ჩანაცვლებისკენ უბიძგებს.
2. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამ სფეროში შერეული დაბეგვრის სისტემის შემოღებით და გადასახადების ზრდით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, თამბაქოს ნაწარმზე გადასახადები და ფასები რეგიონში კვლავაც ერთ-ერთი დაბალია. გადასახადების ზრდამ მოწევაზე თავის დანებებისკენ მწეველთა მხოლოდ ნაწილს უბიძგა, ამიტომაც აღნიშნული პოლიტიკა კიდევ უფრო გასაძლიერებელია, რათა მწეველებს ამ სახიფათო პროდუქტზე თავის დანებების სერიოზული მოტივაცია გაუჩნდეთ" - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისში მიიჩნევენ, რომ გადასახადების გაზრდა არამწეველის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხრიდან თამბაქოს მოწევის დაწყების ერთგვარი პრევენციაა.
"არსებობს ძალიან მყარი მტკიცებულებები, რომ თამბაქოზე მაღალი გადასახადები და ფასები მნიშვნელოვნად ამცირებს მის მოხმარებას, ეს უფრო შესამჩნევია დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ვიდრე მაღალშემოსავლიანებში. გამოთვლილია, რომ თამბაქოზე სააქციზო გადასახადის გასამმაგება დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების უმრავლესობაში აორმაგებს სიგარეტის ფასებს და დაახლოებით 40%-ით ამცირებს ამ პროდუქტების მოხმარებას.
სულ უფრო მეტი ქვეყანა წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდა, რომელიც საცალო ფასებს 10%-ით ზრდის, 2%-დან 8%-მდე ამცირებს მოხმარებას. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, თამბაქოს აქციზური განაკვეთის გაორმაგება სიგარეტის გადასახადიდან შემოსავლებს 30%-ზე მეტით ზრდის" - ნათქვამია რეკომენდაციაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე აქცენტს აკეთებს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩართული ბიზნესმენების არგუმენტებზე, რომლებიც ცდილობენ ამ სფეროს ლობირებას.
"თამბაქოს ინდუსტრიის და მასთან დაკავშირებული მხარეების მტკიცებით, თამბაქოზე გადასახადის ზრდას ჯანმრთელობასა და შემოსავლებზე ასეთი კარგი ეფექტი არ ექნება, რადგან თურმე დრამატულად გაიზრდება უკანონო ვაჭრობა და მწეველები არალეგალური პროდუქტების მოხმარებაზე გადავლენ.
თუმცა, რეალური მტკიცებულებების თანახმად, უკანონო ვაჭრობის პრევენცია და კონტროლი უპირველესად კანონის ადმინისტრირების საკითხია და ქვეყნებს შორის ფასების სხვაობის ზრდა ყოველთვის არ იწვევს პირდაპირ უკანონო ვაჭრობის ზრდას. მრავალი ფაქტი და მტკიცებულება გვიჩვენებს, რომ ქვეყნებს, სადაც თამბაქოზე მაღალი გადასახადები და ფასები და კანონის ძლიერი ადმინისტრირებაა, საკმაოდ მცირე უკანონო ბაზარი აქვთ, ან ის უმნიშვნელოდ იზრდება. საქართველო ერთ-ერთი კარგი მაგალითია ამ მხრივ" - წერია სარეკომენდაციო წერილში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გაავრცელა.