„ინაუგურაციის ჩატარების ადგილად სხვადასხვა ვარიანტი განიხილება და ჯერ არ გეტყვით. თუნდაც, თბილისში არის რამდენიმე ვარიანტი - ვმსჯელობთ“, - განაცხადა არჩეულმა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ფიცს სავარაუდოდ თბილისში არ დადებს.
ინაუგურაციის ადგილად რამდენიმე ქალაქი განიხილება, ერთ-ერთია ფოთი. რასაც სალომე ზურაბიშვილი იმით ხსნის, რომ აღნიშნული ქალაქის აღმშენებლობა მისი დიდი ბაბუის, ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. აქვე, ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა სწორედ იგივე მიზეზით საარჩევნო კამპანიაც სიმბოლურად სწორედ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გამართული შეხვედრით დაიწყო. საპარლამენტო უმრავლესობაში კი გამოითქვა მოსაზრება, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ეზოში გაიმართოს, ან პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის ეზოში. ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.