მნიშვნელოვანია ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არჩევნების მეორე ტურის თარიღს დააზუსტებს - NDI

29 ნოემბერი 2018, 00:00 1681 ნახვა

''ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ საქართველოს ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნებისთვის რეკომენდაციებს აძლევენ. დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ მითითებების ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე შესრულდა, თუმცა პროცესის გასაუმჯობესებლად მეტი უნდა გაკეთდეს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, იმუშაონ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც არჩევნების მეორე ტურის კამპანიასა და თარიღს დააზუსტებს. განმარტავენ, რომ ეს გაუგებრობებს მოხსნის და პროცესებში პოლიტიკური ჩარევის აღქმას შეამცირებს. 

NDI-ის დელეგაციის წევრები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დროს გამოვლენილი სერიოზული დარღვევები გულდასმით უნდა გამოიძიოს. ასევე შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებმა ძალადობის დაფიქსირებულ შემთხვევებზე დამნაშავეები დროულად უნდა დაისაჯონ.

რაც შეეხება გრძელვადიან გეგმას. „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“  რეკომენდაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამომრჩევლების ნდობის მოპოვებისა და დემოკრატიულ პროცესებისადმი
რწმენის განმტკიცებისთვის პარტიებმა კონსტრუქციული და საკითხებზეორიენტირებული პლატფორმები უნდა შეიმუშაონ.  უნდობლობის საპასუხოდ მთავრობამ ისეთი ფორმატის ჩამოყალიბებაზე უნდა იფიქროს, სადაც სამთავრობო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი
და შეთანხმება მოხდება.

კიდევ ერთი რეკომენდაცია, კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკავშირდება. მათი თქმით, ცესკომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მოზიდვისა და ტრენინგების გაუმჯობესება უნდა განაგრძოს. 

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის'' წარმომადგენლები წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოქალაქეების შევიწროებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტების შემცირებაზეც საუბრობენ.  

დოკუმენტში წერია, რომ ''შევიწროების მსხვერპლნი ხშირად შევიწროების ფაქტებზე ღიად საუბრისგან თავს იკავებენ, შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვება რთულდება. ამის გარდა, მოქალაქეებს არაქვთ ნდობა, რომ გამოძიება მიუკერძოებელი და სამართლიანი იქნება. ქვეყანაში, სადაც დასაქმებულების თითქმის ნახევარი სახელმწიფო სექტორში მუშაობს, ამომრჩევლების ქცევაზე გავლენის მოხდენის ბევრი შესაძლებლობა  არსებობს. ეს პრობლემა მთავრობის მხრიდან სერიოზულ და პროაქტიულ ჩართულობას მოითხოვს, რათა ცხადად დადგინდეს განსხვავება მმართველობასა და კამპანიას შორის და ყველა დონეზე საჯარო მოხელეების განათლებაში ინვესტიცია ჩაიდოს. ამ პრობლემის მოგვარება ასევე მიმდინარე რეფორმების გზით საგამოძიებო და სასამართლო სისტემის ნეიტრალურობაში ნდობის გაძლიერების რთულ პროცესს მოიცავს''. 

ამავე კატეგორიაში