საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ''ქართული ოცნების'' აქტივისტებს, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები მხარდამჭერთა სიებს ართმევენ.
ირაკლი კობახიძემ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
იგი ოპოზიური პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებს პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ. კობახიძე განმარტავს, რომ სიებით უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა კანონდარღვევა არ არის და ეს ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმაც იციან.
„მინდა განვმარტო, რომ ჩვენს აგიტატორებს სიები აქვთ აბსოლუტურად კანონიერად, ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ხელმისაწვდომია საარჩევნო სიები ფოტოსურათებით, ეს არის კანონმდებლობით გარანტირებული თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის. ასეთი სიები აქვთ როგორც ჩვენს აგიტატორებს, ასევე სხვა პოლიტიკური სუბიექტების აგიტატორებსაც, ეს არის კანონით დაშვებული''.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, უპრეცედენტო აქტივობა ფიქსირდება.
''იყო უამრავი სპეკულაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით. ჩვენ მაშინვე აღვნიშნავდით, რომ ოთხშაბათ დღეს არ ექნებოდა არანაირი უარყოფითი გავლენა ამომრჩეველთა აქტივობაზე. ჩვენი ნათქვამი რეალურად გამართლდა'' - განაცხადა კობახიძემ.