''პატრიოტთა ალიანსის'' შუახევის ორგანიზაცია ათმა წევრმა დატოვა

23 ნოემბერი 2018, 00:00 2875 ნახვა

''პატრიოტთა ალიანსის'' შუახევის ორგანიზაცია ათმა წევრმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება ბეგლარ ფუტკარაძემ გაერთიანებული ოპოზიცის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. იგი ამბობს, რომ კოლეგები ერთად გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა. 

ბეგლარ ფუტკარაძის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ''პატრიოტთა ალიანსის'' პოლიტიკური სიმპატიები ''ქართული ოცნების'' მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ.  

“ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ნათლად გამოაჩინა, რომ საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები და ხალხი გაერთიანდეს ერთი და ყველასთვის მისაღები კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გარშემო. პარტიის არასწორმა და გამოუსწორებელმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ მე და ჩემმა მომხრეებმა დავტოვოთ პატრიოტთა ალიანსი და შევუერთდეთ გაერთიანებულ ოპოზიციას ,,ძალა ერთობაშია“. მე დღეს აქ ვსაუბრობ და ზურგს მიმაგრებს ის ადამიანები, რომლებმაც ჩემთან ერთად დატოვეს პარტიის რიგები და ამჟამად უამინდობის გამო, ვერ შეძლეს ჩამოსვლა. მათ უარი თქვეს შუახევიდან დღეს დაგეგმილ არა პატრიოტთა ალიანსის, არამედ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობის მიღებაზე. მოვუწოდებ, ჩემს უკვე ყოფილ თანაგუნდელებს, დროა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენი, ჩვენი შვილების და ქვეყნის სასიკეთოდ”- აცხადებს ბეგლარ ფუტკარაძე. 

ფუტკარაძის თქმით, პარტიის ყოფილი წევრებისთვის ''პატრიოტთა ალიანსის'' პრორუსული კურსიც მიუღებელია.  პარტიის დატოვების შესახებ კი ლიდერებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. 

''მოღალატეები და ნაციონალური მოძრაობის მიერ მოსყიდულები'' - ასე აფასებს ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებას ''საქართველოს პატრიოტთა ალიანსის'' აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ტარიელ მამულაშვილი ამბობს, გუნდის დატოვების შესახებ ინფორმაცია მედიისგან გაიგო.

„აბსოლუტური სიცრუეა ის ბრალდებები, რაზეც იმ მოღალატეებმა ისაუბრეს. კარგია, რომ ადამიანების ლუსტრაცია მოხდა. გამოამჟღავნეს თავისი სახე. ესენი არიან მოსყიდულები, მოისყიდა ''ნაციონალურმა მოძრაობამ'', ამ პარტიას კი წლებია ვებრძვით'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ტარიელ მამულაშვილმა. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი