ხვალ საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს. პრეზიდენტის თანამდებობაზე 25 კანდიდატი იყრის კენჭს. 19 კანდიდატი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ არის წარდგენილი, ხოლო ექვსი კანდიდატი არჩევნებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარდგენით - ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობს. თანამდებობაზე არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც ორი კანდიდატი - პირველ და მეორე ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტები მიიღებენ მონაწილეობას. თუკი საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება, ამ შემთხვევაში, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების ბოლო ვადა 19 ნოემბერია. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი ძალაში შედის ახალი რედაქციის კონსტიტუცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიახლე პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლაა.
შემდგომ პრეზიდენტს ამომრჩევლის ნაცვლად, საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია 300 წევრით დაკომპლექტდება და მის შემადგენლობაში შევლენ საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრესკონფერენცია გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აგიტაცია აკრძალულია. თამარ ჟვანიამ ამომრჩევლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს მიმართა კენჭისყრის დღის პროცედურების დარღვევებთან დაკავშირებით, დარღვევის აღმოჩენისთანავე განცხადება/საჩივრით უნდა მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას