ერთი ტომარა თხილი აჭარის მთავრობისთვის / ვიდეო/

23 აგვისტო 2018, 00:00 2396 ნახვა

ფერმერებმა აჭარის მთავრობის სახლთან ერთი ტომარა თხილი მიიტანეს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მისი რეალიზაცია შესთავაზეს.

ისინი ამბობენ, რომ აზიურმა ფაროსანამ და სხვა დაავადებებმა მოსავალი მთლიანად დააზიანა.

სოფლის მეურნეობის სამინიტროს მიერ ჩატარებული წამლობითი ღონისძიება კი არაეფექტური იყო. 

აქციის მონაწილეების თქმით, თხილი მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

''შემოსავლის გარეშე დავრჩით, ზამთარში ამის გამო შიმშილი მოგვიწევს'' - განაცხადა ერთ-ერთმა ფერმერმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

ირწმუნებიან, რომ ყველა მათგანს ბანკიდან სესხი აქვს აღებული და თანხის გადახდას ვერ მოახერხებენ. ისინი მთავრობას კომპენსაციას სთხოვენ.

მთავრობის სახლთან ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებიც იმყოფებიან. 

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ, ფერმერებს  აპარატის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შეხვდნენ. მათი განმარტებით თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.  

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის კარებთან თხილი დაყარეს. 

სამართალდამცველებმა ფერმერები გააფრთხილეს, თუ ტერიტორიას არ მოაწესრიგებენ დაჯარიმდებიან. 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი