''ქართული ოცნების'' ოფისში, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძეს ხვდებიან /ვიდეო/

16 აგვისტო 2018, 00:00 2044 ნახვა

ბათუმში, ''ქართული ოცნების'' ცენტრალურ ოფისთან მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის წევრები არიან შეკრებილები. 

ისინი, სავარაუდოდ, პარტიის ლიდერებს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. 

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ხულოს საკრებულოს წევრმა იზოლდა სურმანიძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ ოფისში ხულოს მუნიციპალიტეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. მისივე ინფორმაციით, შეხვედრას ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. 

შენობასთან შეკრებილთა ერთი ნაწილი კი ამბობს, რომ ''ქართული ოცნების'' ოფისში შესვლას არ გეგმავს. ქობულეთის საკრებულოს წევრმა გელა გოგიტიძემ მაუწყებლის ჟურნალისტს უთხრა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მეგობრებთან სასაუბროდ მივიდა.   

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ადასტურებს, რომ შეხვედრას უნდა დაესწროს, თუმცა ჯერჯერობით არ იცის ვინ არის ოფისში და ვისთან გაიმართება შეხვედრა. 

''მაღალმთიანეთის მუნიციპალიტეტიდან უსაქმურად არ ჩამოვსულვარ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები მაქვს გასავლელი რამდენიმე უწყებაში და დღის განრიგს ვგეგმავ'' - აცხადებს ხულოს მერი გოჩა მელაძე, რომელიც პარტიის ოფისთან იმყოფება. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში