ყოველწლიურად ჩაის კრეფის სეზონზე, თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს ათასობით მოქალაქე გადადის.
2018 წელს, ტრაპზონის საკონსულოს მონაცემებით, თურქეთის 6 გუბერნიის ჩაის პლანტაციებში საქართველოს 10 000 მდე მოქალაქე მუშაობს სეზონურად. 1000 კი ჩაის ქარხანაშია დასაქმებული.
ივლისის ბოლოს ჩაის კრეფის სეზონი სრულდება, სავარაუდოდ დასაქმებულთა დიდი ნაწილი უკან დაბრუნდება და თურქეთში სექტემბერში დაბრუნდებიან, სადაც ჩაის კრეფის ახალი სეზონი იწყება.
თურქეთში სეზონურად სამუშაოდ გადასულ საქართველოს მოქალაქეებთან ეტაპობრივად საინფორმაციო შეხვედრები იმართება. ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს მუშაობისთვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტაციის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
მსგავსი შეხვედრა, ორი დღის წინ, რიზეს გუბერნიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებთან გაიმართა.
"შეხვედრები ჩაის სექტორში დროებით დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებთან გაიმართა და მათ კონსულტაციები მივეცით. ჩვენს მოქალაქეებს გავაცანით მათი სამართლებრივი მდგომარეობის, უფლებების, აგრეთვე მუშაობის ნებართვის მიღების პირობები" - გვითხრეს საკონსულოში.
ორ თვეში ჩაის სეზონი განახლდება, ამიტომ აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის გუბერნიებში სამუშაოდ მიდიან, უცხოელთა მუშაობის ნებართვისაგან გათავისუფლების დოკუმენტი მიიღონ. დოკუმენტის მისაღებად ორი ეტაპის გავლაა საჭირო.
პირველი ეტაპი - თურქეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე (https://yuminet.csgb.gov.tr/#/app/giris) ქართულ ენაზე ივსება სავალდებულო ინფორმაცია (პასპორტში ან პირადობის მოწმობაში არსებული მონაცემები, აგრეთვე თურქეთში დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონეთათვის, ამ ნებართვის დაწყება-დასრულების თარიღი და დროებითი ნომერი). სრულყოფილად შევსებული განაცხადის ფორმის დასრულების შემდეგ, საჭიროა ამ ფორმის ამობეჭდვა;
მეორე ეტაპი - სისტემიდან ამობეჭდილი განცხადების პირველადი ფორმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად (პასპორტი ან პირადობის მოწმობა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გაცემული შესვლა-გამოსვლის საბუთი, ხოლო თურქეთში ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეთათვის - პასპორტი და ბინადრობის ნებართვის დოკუმენტი) წარედგინება თურქეთის იმ რაიონის გამგეობას (Kaymakamlığı), სადაც აპირებს მოქალაქე დასაქმებას და მიიღოს შესაბამისი საბუთი, რომელიც მუშაობის ნებართვის აღებისაგან ათავისუფლებს.
წყარო: http://trabzon.mfa.gov.ge