იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს პენიტენციურ სისტემაში დანერგილი უმაღლესი სტანდარტების დაცვას - ანრი ოხანაშვილი

26 ნოემბერი 2024, 17:38 80 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში მოხსენებით წარდგა.

სიტყვით გამოსვლისას ოხანაშვილმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციური სისტემისა და პრობაციის სამსახურის განვითარებაზე.

„სამინისტრო განაგრძობს პენიტენციურ სისტემაში დანერგილი უმაღლესი სტანდარტების დაცვას და იზრუნებს ამ სტანდარტების შემდგომ გაუმჯობესებაზე, ასევე, პრობაციის სამსახურის განვითარების კუთხით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. საუბარია შემდეგ საკითხებზე: გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები პენიტენციურ დაწესებულებებში; ყურადღება გამახვილდება მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა სარეაბილიტაციო პროგრამებზე, ასევე, საჭიროების მიხედვით, შემუშავდება ახალი პროგრამები და გაიზრდება პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობა.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება. რა თქმა უნდა, აქ ჩვენს კოლეგა მეგობარ უწყებებთან ერთად მოგვიწევს კოორდინირებული მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. აქაც გავაგრძელებთ მუშაობას არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის განვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა პრევენციაზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება და იქ, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები ჩადიან კონკრეტულ გადაცდომებს, ამასთან დაკავშირებით საჭიროა შესაბამისი ჰუმანური საერთაშორისო სტანდარტების მექანიზმების არსებობა და ამ მიმართულებით ჩვენ ვიმუშავებთ, ასევე, აღდგენითი მართლმსაჯულების კუთხით, ისევე როგორც განრიდებისა და მედიაციის პროგრამების დახვეწასა და შემდგომ განვითარებაზე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს საქმიანობას ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებით, რომელიც არის მოქალაქეებისთვის სერვისების უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა.

„ერთ-ერთი საკითხი უკავშირდება დამისამართების პროექტს და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების პროექტების დამტკიცებას. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება პარლამენტთან. ზუსტი მისამართების არსებობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო და კერძო სერვისების დროულ, უფრო ხარისხიან მიწოდებას. გაგრძელდება და დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტიც და ყველა იმ სხვა მნიშვნელოვან სერვისზე მუშაობა, რაც სამთავრობო პროგრამით არის გათვალისწინებული“, ‒ განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი