2030 წლისთვის ევროკავშირი თუ გაფართოვდება, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე კარგად იქნება მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის - მაკა ბოჭორიშვილი

26 ნოემბერი 2024, 17:07 106 ნახვა

ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის. 2030 წლისთვის ევროკავშირი თუ გაფართოვდება, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე კარგად იქნება მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის, -  საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საბოლოო შედეგის მიღწევას სჭირდება დიალოგი პარტნიორებთან, რათა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმატებით განხორციელდეს და დასრულდეს.

„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, საქართველო განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას, შესაბამისად, გამორჩეული პრიორიტეტი იქნება ნატო-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები. დღეს საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს უდიდესი მიღწევა ეფუძნება ჩვენი ქვეყნის მიერ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, ჩვენს თავდაუზოგავ ბრძოლას პარტნიორების პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად და, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ურყევ ნებას.

 

ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის. 2030 წლისთვის ევროკავშირი თუ გაფართოვდება, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე კარგად იქნება მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის. დღეს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების მთავარ სამართლებრივ ჩარჩოდ რჩება ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, რომელიც, იმავდროულად, წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს საჭირო რეფორმებისთვის. ჩვენი მიზანია, შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების 90%-ზე მეტი იყოს შესრულებული და ამ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლი ნამდვილად არის გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, მე-11 მოწვევის პარლამენტი ისეთივე წარმატებული იქნება და დიდ როლს შეიტანს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაში, როგორც ეს ხდებოდა გასული წლების განმავლობაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის თქმით, დიალოგი ვერ იქნება ულტიმატუმების ენით საუბარი და პარტნიორებს შორის საჭიროა ყველა კრიტიკულ საკითხზე კონსტრუქციული მიდგომების ძიება.

„იმედი მაქვს, ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, ინტენსიურად ვიმუშაოთ ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან, რათა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირის წევრობისკენ. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის არსებული ფორმატების მაქსიმალურად გამოყენება, თუმცა, ჩვენ გავაგრძელებთ ახალი პლატფორმების ჩამოყალიბებასაც, ხელს შევუწყობთ რეგულარული კონსულტაციების, პოლიტიკური კონსულტაციების წარმოებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. საქართველო კვლავაც ურყევად განაგრძობს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ დიპლომატიურ მხარდაჭერას. საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, მიღწეულ იქნას აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს მხარეთა ინტერესებით გათვალისწინებით, თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, ყველა მიმართულებით თანამშრომლობის სრული მოცულობით განახლებასა და განვითარებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი