აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს კომიტეტების წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების შესახებ იმსჯელეს. დადგენილების შესაბამისი პროექტი, სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, ტიტე აროშიძემ წარმოადგინა.
მისივე განცხადებით, კომიტეტებში წევრთა რაოდენობა 6-ით განისაზღვრა. აქედან, 4 კვოტა გადანაწილდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე, 2 კი უმაღლესი საბჭოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებზე.
დადგენილების პროექტის დამტკიცების შემდეგ, ღია კენჭისყრით, აირჩიეს კომიტეტების თავმჯდომარეები:
აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტს - ფრიდონ ფუტკარაძე,
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტს - ცოტნე ანანიძე,
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტს - დავით ბაციკაძე,
საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს - ტიტე აროშიძე,
საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტს - მარინე გვიანიძე,
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს - ვახტანგ ბერიძე უხელმძღვანელებს.