შსს აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს - ვახტანგ გომელაური

26 ნოემბერი 2024, 13:51 91 ნახვა

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების განვითარება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს. ასევე, მიმდინარე წელს დამტკიცდება კანონპროექტი დნმ-ის ბაზის შექმნის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიული ტექნიკური საშუალებების განახლება და ცალკეული საექსპერტო მიმართულებების აკრედიტაციის სფეროს გაფართოება.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც, მომზადდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

„მინდა აღვნიშნო, რომ გლობალურად მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებს. გაიზრდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პოლიციელთა რაოდენობა და გაღრმავდება ოპერატიული თანამშრომლობა ევროპისა და აშშ-ის შესაბამის სამსახურებთან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე განმარტებით, პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კრიმინალური პოლიციის რეფორმა გრძელდება.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რეფორმის შედეგად, გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები, რაც აისახა გამომძიებელთა საქმიანობის ეფექტიანობაზე.

"საპოლიციო საქმიანობის გაძლიერების მიზნით, შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფი.

 

კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე განცხადებით, სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია.

„როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი დანაშაულის კლების სტატისტიკაა. შესაბამისად, პირველ რიგში სწორედ ამ კუთხით მიმდინარე ტენდენციებს მინდა გავუსვა ხაზი. სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება. მინდა, გამოვყო ექვსი კატეგორიის დანაშაული (განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, ქურდობა ბინაში შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა, ხულიგნობა).

სტატისტიკა ადასტურებს, რომ წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი ბოლო ოცი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალია და 64,87%-ს შეადგენს, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო დონეზეც საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი