ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ აუდიტის სამსახურს წერილობით მიმართა. ის ითხოვს, რომ აუდიტის სამსახურმა შეისწავლოს ბათუმის მერიის ოთხი აიპის საქმიანობა, სადაც, შესაძლოა, კორუფციულ გარიგებებს, ნეპოტიზმს ან სხვა ტიპის დარღვევებს ჰქონდეს ადგილი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი აცხადებს, რომ შესაძლო კანონდარღვევებზე გონივრული ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შპს "ბათუმის წყალის", შპს "სანდასუფთავების", შპს "ავტოტრანსპორტისა" და უკვე გაუქმებული აიპის "ტურისტული ობიექტების მმართვის სააგენტოს" ადმინისტრაციებმა არ მიაწოდეს გამოთხოვილი ინფორმაცია სახელფასო და საკადრო პოლიტიკის შესახებ. ასევე, არ უპასუხეს სხვა ტიპის არასაჯარო ინფორმაციაზე, რომლის წარდგენის ვალდებულება საკრებულოს წინაშე აქვს ამ სამსახურებს.
"სრულიად უარგუმენტოდ, დაუსაბუთებლად ჩვენს კითხვებზე ვერ მივიღეთ სრული ინფორმაცია. ბათუმის შეპესეები და აიპები იქცნენ ყველაზე ჩაკეტილ უწყებებად ამ ქალაქში. ვინაიდან როგორც დამფუძნებელს არ გვეძლევა საშუალება მოვახდინოთ ამ ორგანიზაციების კონტროლი, გავიგოთ რა ხდება იქ და რამდენად მიზნობრივად იხარჯება თანხები, იძულებულები ვართ მივმართოთ განცხადებით აუდიტის დეპარტამენტს შევიდნენ ამ ორგანიზაციებში" - აცხადებს მირდატ ქამადაძე.