საქართველოში ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობა არის სოციალური ნორმა - კვლევის შედეგები

19 ივლისი 2018, 00:00 1833 ნახვა

13 ივნისს, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საქართველოში 2-დან 14 წლამდე ბავშვების 20%-ზე მეტს სცემენ და ამას უმეტესად მამები აკეთებენ. 

ანგარიშის თანახმად, ყველაზე გავრცელებული ფორმა ფსიქოლოგიური ძალადობაა, რა ბავშვის დაშინებაში, ოჯახის წევრების მხრიდან მუდმივ კრიტიკაში, აგრესიულ დამოკიდებულებასა და მისი ინტერესების იგნორირებაში გამოიხატება, რაც წინაპირობაა ბავშვს ჰქონდეს დაბალი თვითშეფასება და დაკარგოს დამოუკიდებლობა.  

რაც შეეხება ძალადობას სკოლებში, გამოკითხული ბავშვების 25% მიუთითებს, რომ ძალადობის მსხვერპლი გამხდარა, ან მის მეგობარზე იძალადეს.

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამების ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ''გაეროს ბავშვთა ფონდის'' 2013 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა სოციალური ნორმაა და ეს ძალიან მძიმე შედეგებს გვაძლევს.  

"საქართველოში ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობა არის სოციალური ნორმა. კვლევამ გვაჩვენა, რომ  მოქალაქეების ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ფიზიკური დასჯის გამოყენებას. მოქალაქეების 60% სწორედ მკაცრ, ავტორიტარულ სტილს იყენებს ბავშვების აღზრდისას. საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი, მასწავლებელთა უმრავლესობა ძალადობრივ მეთოდებს იყენებს კლასის მართვისას. სამწუხაროდ, პედაგოგები ვერ მიჯნავენ ერთმანეთისგან დისციპლინას და ძალადობრივი აღზრდის მეთოდებს. შესაბამისად  ჩვენ ვიღებთ ისეთ გარემოს, სადაც ბავშვებზე სისტემატურად ძალადობენ" - ამბობს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მაია ქურციკიძე. 

რა მეთოდებს იყენებენ მშობლები ყველაზე ხშირად ბავშვებზე ძალადობის დროს? გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის ინფორმაციით, ყველაზე ხშირია დარტყმა, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გამოთქმები და მიმართვები. 

"ბავშვის იგნორირება და მისი ინტერესების უგულებელყოფა ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება საქართველოში. მშობლები ცდილობენ, რომ დათრგუნონ ბავშვები, მათი მოსაზრებები და მისწრაფებები. მშობლების უმრავლესობა თვლის, რომ უკეთ იციან რა სურთ მათ შვილებს. მშობლები, ხშირად აღიქვამენ ბავშვებს საკუთრებად და არა ინდივიდებად, რომლებსაც აქვთ საკუთარი შეხედულებები, სურვილები, მისწრაფებები და ინტერესები, რომელიც განსხვავდება მშობლების სურვილებისგან". 

რატომ არის საზოგადოებაში აგრესიის მაღალი დონე და რა არის გამოსავალი? 

მაია ქუციკიძე: "ბავშვი, რომელზე ნებისმიერი სახით ძალადობენ, შემდეგ  თავად ცდილობს ამგვარი მეთოდის გამოყენებას სხვასთან ურთიერთობაში და ჩვენ გამოგვდის ჩაკეტილი წრე, რომელსაც თავს ვერ ვაღწევთ - სისტემატიურად ძალადობა ბავშვებზე. სამწუხაროდ, საზოგადოებამ არ იცის რა არის ძალადობის ალტერნატივა. არ იციან მშობლებმა პოზიტიური მშობელი როგორ უნდა იყოს, არც მასწავლებლებმა იციან რა არის პოზიტიური დისციპლინა და როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ მოსწავლესთან.

შედეგად, არც ბავშვმა იციან, როგორია ურთიერთობა ძალადობის გარეშე. მათ ხშირად არ აქვთ ნდობა მშობლის, აღმზრდელის, ზოგადად სისტემის მიმართ. 

გაეროს ბავშვთა ფონდის მიზანია შეიცვალოს სოციალური ნორმა და ბავშვის ცემა და მისი მკაცრად აღზრდა არ იყოს ჩვეულებრივი მოვლენა, რომ საზოგადოებამ დაარქმევს სახელი და თქვას, რომ ბავშვის აღზრდის ეს ფორმები არის ძალადობა. მხოლოდ ამის შემდეგ დადგება მეორე ეტაპი, სადაც დავიწყებთ მსჯელობას და გაჩნდება ბავშვების აღზრდის ძალადობრივი მეთოდის ალტერნატიული ფორმა". 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კვლევაში გამოიკვეთა, საზოგადოების მინიმალური ჩართულობაა ბავშვთა ძალადობის აღმოფხვრის კუთხით. 

"დღეს არსებობს მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო რეაგირებს ბავშთა ძალადობის ფაქტზე. ძალადობისგან ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურა, ავალდებულებს ყველა პროფესიონალს შეატყობინოს სახელმწიფოს ბავშვზე ძალადობის ფაქტის შესახებ. კვლევებმა აჩვენა, რომ პროფესიონალების დიდი ნაწილი არ აკეთებენ ამას, არ ატყობინებენ სახელმწიფოს ძალადობის შესახებ, რადგან თვლიან, რომ ეს  სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევაა. ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებაში დისკუსია და დიალოგი გაიხსნას ამ თემაზე. დიალოგი შედგეს მშობლებთან, ბავშვებთან, პედაგოგებთან და სხვადასხვა თემებთან" - ამბობს მაია. 

სიუჟეტი მოამზადა მარი ბოლქვაძემ გადაცემა #ჰეშთეგი

 

ამავე კატეგორიაში