მიმდინარე წელს, ბათუმში შემოწმებული 42 სილამაზის სალონიდან, 19 დაჯარიმდა. სალონებში, სადაც ყოველდღიურად ათობით მოქალაქე დადის სხვადსხვა ტიპის დარღვევა ფიქსირდება. გამოვლენილ ხარვეზებს შორისაა, დეზინფექციის და სტერილიზაციის პროცედურების და სახიფათო ნარჩენების შეგროვების წესის დარღვევა.
მომხმარებლები ამბობენ, რომ საჯარიმო სანქციები საკმარისი არ არის და ასეთი სალონები უნდა დაიხუროს.
''როცა მეცოდინება ამა თუ იმ სალონში არსებული ვითარების შესახებ, მსგავს ობიექტს არ მივაკითხავ. გადამდები დაავადების რისკი დიდია, ამიტომ დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში სალონს ფუნქციონირების უფლება უნდა შეუწყდეს, სხვისი ჯანმრთელობის რისკის ფასად არ უნდა მუშაობდნენ.''
ბათუმში 180-მდე სილამაზის სალონია რეგისტრირებული. დაწესებულებებს, სადაც სისხლის გზით ინფექციების გავრცელების მაღალი რისკის ესთეტიური და კოსმეტიკური პროცედურები ტარდება, მონიტორინგს ბათუმის მერიის გარემოს დაცვითი და სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება უწევს. კონტროლი მთელი წლის განმავლობაში, შერჩევითი პრინციპით ხორციელდება.
შემოწმების შემდეგ, ობიექტებს დარღვევების გამოსასწორებლად ვადა ეძლევათ.აჯარიმებენ კიდეც, თუმცა რამდენიმე დაჯარიმების მიუხედავად, მერიას მათი დახურვის უფლება არ აქვს.
''მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები გაწერილია. პირველი შემოწმების დროს თუ აღმოჩნდა დარღვევა დაწესებულება ჯარიმდება. ინდივიდუალური მეწარმეები 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 200 ლარით. შემდგომ ეძლევათ გონივრული ვადა ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. მოგვიანებით, ისევ შედის მონიტორინგი, მოულოდნელად, ისე რომ სალონის მეპატრონემ ამის შესახებ წინასწარ არ იცის. დახურვის უფლება არ გვაქვს, უბრალოდ ასეთ შემთხვევებში რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებს გადავცემთ'' - ამბობს ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე.
მონიტორინგი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მერია აღნიშნულ პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს.