რა ვითარებაა ამ დროისთვის თურქეთში

16 ივლისი 2016, 00:00 4518 ნახვა

ანკარის პოლიციას სულ მცირე 200 ჯარისკაცი ჩაბარდა.  ამის შესახებ თურქული სააგენტო ანადოლუ იტყობინება.  ასევე ცნობილი ხდება, რომ  თურქეთში გადატრიალების მომხრეები სტაბოლში ბოსფორის ხიდს ტოვებენ.   ბოსფორის სრუტეზე გადებული ხიდი ამბოხებულებმა გუშინ საღამოს დაბლოკეს. 

ბოლო მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაკავებულია  ათას 500-ზე მეტი გადატრიალების მხარდამჭერი.  სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა.  დაღუპულებს შორის ბევრი მშვიდობიანი მოქალაქეა.  თურქული მედიის ინფორმაციით,  არეულობების დროს  ათას 154 ადამიანი დაშავდა.  თურქმა სამხედროებმა 15 ივლისს განაცხადეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ, ბოსფორზე ხიდი ჩაკეტეს და პოლიციის განიარაღება სცადეს. 

მოგვიანებით ხელისუფლებამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის შესახებ განაცხადა.  თურქეთის პოლიცია სამხედრო გადატრიალების 16 ორგანიზატორის ლიკვიდაციის შესახებ აცხადებს.  პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ისინი  ანკარაში პარლამენტის შენობის წინ შეტაკებების დროს მოკლეს.  თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილეები  აცხადებენ, რომ  ბრძოლას გააგრძელებენ.  ამის შესახებ ნათქვამია  ელექტრონულ წერილში, რომელიც  მათ  თურქეთის გენერალური შტაბის პრეს-სამსახურს გაუგზავნეს.  წერილში ნათქვამია, რომ  გადატრიალების მომხრეები გადამწყვეტ ბრძოლას გააგრძელებენ ყველას წინააღმდეგ, ვინც მოქმედ ხელისუფლებას უჭერს მხარს.  განცხადებაში  გადატრიალების მომხრეები მოქალაქეებს მოუწოდებენ საკუთარი უსაფრთხოებისთვის არ გამოვიდნენ სახლებიდან. 

ამავე კატეგორიაში