საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს, რომლითაც მოქალაქეებს მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმაც გაუუქმდებათ.
სარჩელის ერთ-ერთი ავტორი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ დარწმუნებულია საკითხზე მსჯელობა დაიწყება.
"თუ საკონსტიტუციო სასამართლო გაიმეორებს იგივე ლოგიკას, რომლითაც იხელმძღვანელა წინა სარჩელით და მარიხუანას მოხმარებისთვის სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გაიმეორებს იგივეს და იტყვის, რომ ადამიანის სხეული მისი საკუთრებაა, რომ ის თავისუფალი არსებაა და მას აქვს საშუალება - გადწყვიტოს, როგორც წარმოუდგენია პიროვნული განვითარება. მარიხუანას მოხმარება არ აზიანებს სხვა მოქალაქეს, ამიტომ მოქალაქეს აქვს უფლება მოიხმაროს იგი" - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
"ვფიქრობთ, სასამართლო ამ ლოგიკით გააუქმებს ადმინისტრაციულ ჯარიმასაც. სარჩელში საუბარია იმაზე, რომ დღეს მარიხუანას მოწევა ისჯება 500 ლარით. ფიქრობთ, რომ ეს არაკონსტიტუციურია და სასჯელი უნდა გაუქმდეს. ვიმეორებ, ადამიანი მარიხუანის მოწვევით არ აზიანებს სხვა ადამიანს" - ამბობს ჯაფარიძე.
საკონსტიტუციო სასამართლოს ადრე მიღებული გადაწყვეტილებით, კანაფისა და მარიხუანას მოხმარება უკვე აღარ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და მისი განმეორებითი მოხმარებისთვის, პირს სისხლის სამართლებლივი პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება.
ამ გადაწყვეტილებით მოხდა მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაცია , თუმცა ზურაბ ჯაფარიძე და მოქალაქე ვახტანგ მეგრელიძე ითხოვენ, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებული გახდეს.