აჭარის კულტმემკვიდრეობის სააგენტოში ბულვარში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტი არ შესულა

29 მაისი 2018, 00:00 2075 ნახვა

აჭარის კულტმემკვიდრეობის სააგენტოში ბულვარში მრავალფუნქციური კომპლექს "სინთეზის" პროექტი არ შესულა - ინფორმაციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს. 

ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ნებისმიერი ტიპის ფიზიკურ ჩარევას  სწორედ ამ უწყებისგან სჭირდება ნებართვა, რადგან 136 წლის ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 კანონის თანახმად კი, ძეგლზე ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედების შესახებ, სააგენტოსთან არსებულმა კომისიამ უნდა იმსჯელოს, დასკვნა დადოს სპეციალისტებმა და მათი რეკომენდაციების საფუძველზე, აჭარის კულტმემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მოვალეობის შემსრულებელი მირზა ცეცხლაძე ამბობს, რომ ამ პროექტის შესახებ უწყებაში დოკუმენტაცია არ შესულა. ცეცხლაძის თქმით, მასთან მერიის წარმომადგენლებს ამ საკითხზე არც ვერბალური კომუნიკაცია არ ჰქონიათ. 

"მე პირველად მესმის ამ პროექტის შესახებ, ჩვენთან საკითხი ამ ეტაპზე არ შემოსულა, თუ შემოვა განვიხილავთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას" - ამბობს მირზა ცეცხლაძე. 

დღეს ბათუმის მერიამ, საკრებულოს მხარდაჭერით მოქალაქეს, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, ბამბუკების ხეივნის წინ, მიწის ნაკვეთი და შენობა მრავალწლიანი იჯარით გადასცა. მერიის განმარტებით ბარათში წერია, რომ  "მერიას 2018 წლის 16 აპრილს წერილით მიმართა ვასილ ოსეფაიშვილმა რომელიც, ბულვარში  ისეთი სივრცის შექმნას გეგმავს, რომელიც ისარგებლებს დიდი პოპულარობით და გახდება საინტერესო ადგილი ტურისტებისათვის. კონცეფციის მიხედვით, ბათუმის ბულვარში მოეწყობა ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული, ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველი ლოკაცია. არსებულ ტერიტორიაზე თანაბრად იქნება გადანაწილებული როგორც შენობა-ნაგებობა, ისე სხვადასხვა მცენარეებითა და დეკორაციებით მორთული ეზო. იგი გათვლილია ყველა სეგმენტის დამსვენებელსა თუ ადგილობრივ მოსახლეზე. პროექტის განხორციელებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება". 

ეს პროექტი 130 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთზე უნდა განხორციელდეს, რომელსაც ახლავს  89 კვადრატული მეტრი ყოფილი ფოტოატელიეს შენობა. წლიურად მოქალაქე ოსეფაიშვილმა მუნიციპალიტეტს 7000 ლარის უნდა გადაუხადოს. 

მერიამ ისე გასცა მრავალწლიანი იჯარა, რომ კომუნიკაცია არ ქონია არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან და არც ბულვარის ადმინისტრაციასთან. მერიისთვის უცნობი იყო, ამ უწყებების პოზიცია და მათი რეკომენდაციები. 

ამავე კატეგორიაში