სოფელ დანისპარაულთან დამაკავშირებელი საფრის ხიდთან მეწყერი ისევ გააქტიურდა. ხიდი დაწეულია, ბურჯები კი გზას დაცილებული. პარალელურად, მთის ორივე ფერდობიდან მიწის მასაა ჩამოწოლილი.
ადგილობრივები ამბობენ,რომ ხიდზე გადაადგილება საშიშია. მათი თქმით, თუ წვიმიანი ამინდები გაგრძელდა, ხიდი ჩავარდება და სოფელი დანისპარაული გარე სამყაროს მოწყდება. სხვა ალტერნატიული გზა, სოფელს ცენტრალურ მაგისტრალზე დასაკავშირებლად კი არ აქვს.
კომპანია ''იბერია ჯის'' წარმომადგენლის ინფორმაციით, ხიდზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა, მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაა დასაშვები.
ხიდთან შეზღუდვის საგზაო ნიშანიც არის განთავსებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ აკრძალვის მიუხედავად, რადგან კონტროლი არ ხორციელდება, სატვირთო ავტომობილები მაინც გადაადგილდებიან.
ხიდზე, რომლის სავალალო მდგომარეობაზეა საუბარი, რეპორტაჟი მაუწყებლის ეთერში რამდენიმე დღის წინ გავიდა. ხიდს რეაბილიტაცია ბოლოს 2016-17 წლებში ჩაუტარდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 99 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს ''იბერია ჯი-მ'' ჩაატარა.