ბათუმში ბაღს მიღმა დაახლოებით 400 ბავშვი დარჩა

23 მაისი 2018, 00:00 2105 ნახვა

2017 წელს, ბათუმში ბაღში მოხვედრა 400-მდე რეგისტრირებულმა მოზარდმა ვერ შეძლო.  მშობლებს უარი, მუნიციპალურ საბავშო ბაღებში ადგილების ნაკლებობის გამო უთხრეს.

გასულ წელს, ბათუმის 32-ვე დაწესებულებაში 7825 არასრულწლოვანის მიღება იყო შესაძლებელი. წელს კიდევ ერთი ბაღი დაემატება, რომელიც სექტემბერში თამარის დასახლებაში გაიხსნება. გაზრდილია ლიმიტიც, 2018 წელს, ბაღებში 8060 ბავშვის მიღებას შეძლებენ.

მომავალ სასწავლო წელს, რამდენი დარჩება ბაღს მიღმა, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც რეგისტრაცია დაიწყება. უცნობია რამდენი ოჯახი გადაწყვეტს ბავშვები სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ბაღში მიიყვანონ, რადგან ლიმიტირებული ადგილებთან ერთად პრობლემურია ბაღებში არსებული ვითარება. 

საკითხი სახალხო დამცველის ანგარიშიც მოხვდა. ომბუდსმენის აპარატმა ბაღებში არსებული ვითარება საქართველოს მასშტაბით შესწავლა და დაადგინა, რომ რეგიონებში განსაკუთრებულად რთული ვითარებაა. 

"საბავშვო ბაგა-ბაღებში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გადატვირთული ჯგუფები და აღმზრდელ-პედაგოგების სიმცირე, საძინებელი ოთახების არ არსებობა, ასევე, ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფა" - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაწესებულებათა ნაწილში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები არადამაკმაყოფილებელია, პრობლემატურია სასწავლო-სააღმზრდელო ინვენტარის მიწოდება/განახლება. ბაღების მნიშვნელოვანი ნაწილი სარეაბილიტაციოა და ბავშვებს განათლების მიღება არასათანადო პირობებში უხდებათ. შენობებში მოსაწესრიგებელია წყალმომარაგების სისტემებიც.

ომბუდსმენის ანგარიშში წერია, რომ კვლავ პრობლემას წარმოადგენს საბავშვო ბაგა-ბაღების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

‘’საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად შეისწავლიდა საბავშვო ბაგა-ბაღების ბენეფიციართა უფლებრივ მდგომარეობას. შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, აღმზრდელთა კვალიფიკაცია, ძალადობის პრევენცია, დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების მოწესრიგების საკითხი. არასაკმარისია საბავშვო ბაგა-ბაღების რაოდენობა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბაღში ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვების რამდენიმე შემთხვევაც გამოვლინდა, რამაც აღსაზრდელის ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა.

ამავე კატეგორიაში