''ჩვენი თავისუფლებისთვის'' - ''თეთრი ხმაურის მოძრაობის'' ორგანიზებით აქცია გაიმართება

12 მაისი 2018, 00:00 2050 ნახვა

''ჩვენი თავისუფლებისთვის'' - ამ სლოგანით ''თეთრი ხმაურის მოძრაობა'' დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავს.  ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

აქცია 15 საათზეა დაანონსებული. 

''საქართველოს ხელისუფლება წუხელ სპეცდანიშნულების რაზმებით შეიჭრა და დაარბია თბილისში მოქმედი ღამის კლუბები, სასტიკად სცემა და გაუსწორდა იქ მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ხელკეტებით დაარბია და დააკავა კლუბების მფლობელები და მოქალაქეები, რომლებიც კლუბებისა და იქ მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია'' - წერია განცხადებაში. 

''თეთრი ხმაურის მოძრაობის'' წევრების თქმით,  სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ  სამართალდამცავთა მიზანი ე.წ “ნარკორეალიზატორების” დაკავება იყო. 

''ამ სამარცხვინო ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართული ბრძოლა გამოუცხადა ყველა იმ იდეასა და ღირებულებას, რომლის გარშემოც შემოვიკრიბეთ ათასობით ადამიანი თბილისის კლუბებში. ეს კლუბები კი ჩვენთვის არა უბრალოდ გართობის, არამედ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი კერაა'' - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. 

12 მარტს, ღამით, თბილისში კლუბ ''ბასიანსა'' და ''კაფე გალერიში'' შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი