მხილებები, რომელსაც ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, არის სიგნალი, ჩავხედოთ ჩვენს კანონმდებლობას, ვიყოთ მზად, რომ დემოკრატიამ შეძლოს გარე ჩარევებისგან თავის დაცვა - პაპუაშვილი

06 თებერვალი 2025, 11:33 108 ნახვა

ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით კანონმდებლობაზე, რომელთა მიზანიც არის საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ჩარევის შეზღუდვა, ეს არის გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები არის სიგნალი, რომ საქართველომ გადახედოს კანონმდებლობას და მასში ცვლილებები შეიტანოს.

"სკანდალური მხილებები, რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან აშშ-ის დახმარების არაჯეროვნად გამოყენებაზე, არის ჩვენთვის სიგნალი, რომ ჩავხედოთ ჩვენს კანონმდებლობას და ვიყოთ მზად, რომ დემოკრატიამ შეძლოს გარე ჩარევებისგან თავის დაცვა. ვნახეთ მხილებები, რომ დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით. აშშ-ის საგარეო დახმარება ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან გამოიყენებოდა საკუთარი გავლენების გასატარებლად სხვა ქვეყნებში, ამისთვის ისინი იყენებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს ადგილზე, რომლებიც მათ შორის ფუძნდებოდა ამ მიზნით, მომსახურებოდა საგარეო ინტერესების გატარებას არაკომერციული ორგანიზაციები იქნება ეს თუ მედიასაშუალებები. ნახეთ, რომ საერთაშორისოდ ცნობილი მედიასაშუალებაც კი აღმოჩნდა, რომ ყოფილა დაფინანსებული სხვადასხვა საბიუჯეტო სახსრებიდან. აქედანაც ირკვევა, რომ მაგალითად „პოლიტიკო“ ან სხვა, რომლებიც მიკერძოებულად აშუქებდნენ ამა თუ იმ მოვლენას და ჰქონდათ დღის წესრიგი ცალკეული პოლიტიკური დაჯგუფების ინტერესების გასატარებლად თუ სხვა ლიდერების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამ სკანდალურმა მხილებებმა გვიბიძგა, რომ ამაზე მეტი ვიფიქროთ. აქედან გამომდინარე, შემდეგო ორი თვე ამაზე ვიმუშავებთ. დავაინიცირებთ კანონპროექტებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, არაფერ ახალს „ქართული ოცნება“ არ იგონებს, საკანონმდებლო ინიციატივის სახით პირდაპირ მოხდება ბრიტანული მოდელის გადმოტანა, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის "ფეიკ ნიუსების" გავრცელების საკითხებს.

"ჩვენ ვსაუბრობთ ფეიკ ნიუსებზე, როგორც გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. თუ რა დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ფეიკ ნიუსებს, ამას საქართველოშიც ვხედავთ. ასე, რომ ფეიკ ნიუსებთან ბრძოლა არის მთავარი გამოწვევა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც რა თქმა უნდა, უნდა ვებრძოლოთ ფეიკ ნიუსებს. ამიტომ აქაც, ჩვენ არაფერს ახალს არ გამოვიგონებთ საერთოდ. ბრიტანული სტანდარტი, რომელიც მიღებული არის მათ შორის მედიასთან დაკავშირებით, ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს და გადმოვიტანთ პირდაპირ ბრიტანულ სტანდარტს. თუ რამე კითხვები არის ამ სტანდარტთან, მიმართეთ დიდ ბრიტანეთს ან მის საელჩოს საქართველოში. ან თუ კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხალხს, რომელიც „გამჭვირვალობის კანონს“ აპროტესტებდა, ის წაკითხულიც არ ჰქონდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი, კანონის წინააღმდეგ განწყობა შეუქმნეს.

„მთავარი, რაც მოხდა „გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის, შეგახსენებთ, რომ ამერიკული ფონდების დაფინანსებით პირდაპირ ააჯანყეს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ მოეხდინათ კანონის დისკრედიტაცია, რომელიც მივიღეთ და ბევრი მსჯელობის დროს უცხოელებთან, თუ შიდა დისკუსიების დროს, ვნახეთ, რომ არავის წაკითხულიც კი არ ჰქონდა „გამჭვირვალობის კანონი“. კითხვა გვქონდა, წაიკითხეთ თუ არა კანონი ვარკვევდით, რომ ხალხს, რომელიც ამას აპროტესტებდა, წაკითხულიც კი არ ჰქონდათ, კანონის წინააღმდეგ განწყობა შეუქმნეს. უცხოელებთან როდესაც ვსაუბრობდით, იქაც ვხედავდით, სინამდვილეში არ ესმოდათ, რა ეწერა კანონში და ის შეფუთვა, რომელიც აშშ-ის ყოფილმა ელჩმა და შეგახსენებთ, რომ მან პირველმა უწოდა ამ კანონს რუსული კანონი და რუსეთიდან ინსპირირებული, ის იყო ამ კანონის ასეთი ბრენდინგის ავტორი. მას აჰყვა იმავე ბიუჯეტებიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, კანონის დისკრედიტაციას ცდილობდნენ და აზიანებდნენ მას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე აღნიშნა, რომ  ყოველგვარი შინაარსობრივი საკითხები რომ მოიხსნას და ახსნა -განმარტებები არ იყოს საჭირო, „ქართული ოცნება“ ამერიკულ „ფარას“ ერთი-ერთში გადათარგმნის და მიიღებს.

ყოველგვარი შინაარსობრივი საკითხები რომ მოიხსნას და ახსნა -განმარტებები არ იყოს საჭირო, აგერ არის აშშ, აგერ არის აშშ-ს „ფარა“, რომლითაც ჩვენ ყველა ვსარგებლობთ. ვნახეთ, რამდენი საჭირო ინფორმაცია მივიღეთ ამ რეესტრიდან, რომ არა „ფარა“, ხომ ვერ გავიგებდით, რომ „ფორმულას“ მესაკუთრე კეზერაშვილი და ეს ტელევიზია საქართველოს წინააღმდეგ ლობისტებს აფინანსებდა, რომ სააკაშვილი დაეხსნათ და ა.შ. აღმოჩნდა, რომ „ფორმულას“ ჰქონდა იქ ლობისტური ხელშეკრულებები დადებული და ვერ გავიგებდით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები თურმე, აშშ-ში იწერება „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველების და ლობისტების მხრიდან და ა.შ., ამიტომ, აგერ ამერიკა, აგერ „ფარა“, გამართულად მუშაობს, სასარგებლო რესურსია, გადმოვიღებთ ერთი-ერთში. სხვაობას რაც შეეხება, ჩახედეთ, განსხვავება თვითონ იპოვეთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ვიღებთ ამერიკულ „ფარას“, ვთარგმნით და ვიღებთ, როგორც არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 
ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში