ბათუმის პლაჟზე ხის ოდა ჩადგეს და ჭურები დააწყვეს

02 მაისი 2018, 00:00 4755 ნახვა

ბათუმის პლაჟს, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი, არც თუ ისე მცირე ზომის კონსტრუქცია შეემატა. პლაჟზე ტანსაცმლის მაღაზიის, ბარების, ბუნგალოებისა და რესტორნების გვერდით, ქართული "ოდაც"  შენდება.

პლაჟზე, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუქურას მოპირდაპირედ, კლუბ "მანდარინის" რებრენდინგი მოხდა და მის ნაცვლად ქართული ხის სახლი და ჭურები დაიდგა. გურული ან იმერული ოდის მსგავსი შენობის ჩადგმის ნებართვა ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასცა.

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირიან მეტრეველი ამბობს, რომ პროექტის იდეა პლაჟზე ქართული აკადემიური ტრადიციული გარემოს შექმნაა, რაზეც თანხმობა გასცა.  

"პლაჟზე ღიპიანი და მთვრალი კაცები არ იქნებიან, არც მწვადს შეწვავენ სანაპიროზე და არც ცხვარი დაიკვლება" - ირწმუნება მეტრეველი. 

რა უნდა გაკეთდეს და რაზე გასცა მერიამ თანხმობა? 

"იდეაა გაკეთდეს ეთნოგრაფიული სახლი, პროექტს მკვლევარი გია დიასამიძე ახორციელებს, რომელსაც უნდა სახინკლე და საზანდარი კი არა, კარგი ქართული,  ეთნოგრაფიული სახლი გახსნას. ეს იქნება ტურისტების თავშეყრის ადგილი, იგეგმება მაღალი ხარისხის მშენებლობა. ჯერ არ აქვს დასრულებული სახე და ამიტომ წარმოდგენილ პროექტს არ ჰგავს..." - გვითხრა მირიან მეტრეველმა. 

ქალაქის მთავარი დამგეგმარებელი ამბობს, რომ  ტერიტორიაზე მესამე წელია დგას  შენობა, ამჯერად მხოლოდ ვიზუალი, შეფუთვა იცვლება. "საჩრდილობელი, მსუბუქი კონსტრუქცია აქეთ იქნება, თუ იქეთ რა მნიშვნელობა აქვს? თემა იგივეა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, დისკო კლუბის ნაცვლად ქართული ეთნოგრაფიული სახლი იქნება. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს სათუთი თემა იყო და ცოტა რთულია ამ ყველაფრის გამოხატვა, ამიტომ იდეის ავტორები გავაფრთხილეთ კიდეც". 

არქიტექტორი ამბობს, რომ პროექტში ლამაზი ჩუქურთმებით გაწყობილი ოდაა წარმოდგენილი, მაგრამ შესრულებაზე ის პასუხისმგებელი ვერ იქნება. "შეიძლება რენდერში ვერ აისახოს ის ჩუქურთმები და ძველი გურიის თუ იმერეთის სოფლებიდან წამოღებული ორნამენტები და ოდა. დოკუმენტების მიხედვით, მაღალი ხარისხის პროექტი იქნება, თუმცა, როგორი გამოვა, ამის თავდებად ვერ გამოვდგები". 

სანაპირო ზოლში ეთნოგრაფიული სახლის მშენებლობას სოციალურ ქსელში ბათუმელების გამოხმაურება მოჰყვა . სანაპიროზე ტრადიციული ჭურების გამოჩენის იდეა დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა, თუმცა პროექტს რამდენიმე დამცველიც გამოუჩდა. 

ვიდეო: ბათუმის მერიაში შესული და დამტკიცებული პროექტი 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი