ბოლო 10 წელში, სამუშაო ადგილზე 473 მუშა გარდაიცვალა, 805 კი დაშავდა

28 აპრილი 2018, 00:00 3062 ნახვა

28 აპრილს მსოფლიო სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა დღეს აღნიშნავს. ბოლო რამდენიმე წელია, ამ დღეს განსაკუთრებული საპროტესტო მსვლელობები ახლავს საქართველოში, რადგან სამუშაო უსაფრთხოების არ არსებობის გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა მზარდი და საგანგაშოა. 

2018 წელს, მხოლოდ 4 თვეში სამუშაოს შესრულების დროს 18 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ორი აჭარაში. მაღალია საწარმოო ტრავმების მონაცემებიც, წელს 12 ადამიანი დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს. 

საგანგაშოა 2017 წლის მონაცემებიც. გასულ წელს 41 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 17 ბათუმში. დაშავებულთა და დასახიჩრებულთა რიცხვი კი 63 აღწევს.

მონაცემების 80% სამშენებლო კომპანიებში დასაქმებულებზე მოდის - ეს არის მონაცემები, რომელიც პროფკავშირებს აქვთ და ის არასრულია, რადგანაც პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლების ინფორმაციით, ზუსტად ვერ ხდება ქვეყანაში, შრომის ბაზარზე არსებული ვითარების შესწავლა.  "ძალიან რთულია ზუსტი მონაცემები მოგაწოდოთ, დაღუპული მუშების შესახებ მეტ-ნაკლებად ვფლობთ ინფორმაციას, რადგან იგი არ იმალება, თუმცა დასახიჩრებულები ან საწარმოო ტრავმებით ადამიანები ცდილობენ ინფორმაცია არ გაამჟღავნონ კომპენსაციის მიღების ან სამსახურის დაკარგვის შიშით" - აცხადებს აჭარის პროფკავშირის ინსპექტორი ლევან გურგენიძე. 

"2006 წელს, ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის გაუქმებამ, სერიოზული საფრთხეები შეუქმნა ამ სფეროს, არსებობდა სამსახური და აკონტროლებდა სამუშაო უსაფრთხოების პირობებს. განსაკუთრებით პრობლემური, როგორც აღვნიშნე სამშენებლო სექტორია, სადაც უსაფრთხოების ზომების დაცვა ძალიან დაბალია. საქართველომ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აიღო ვალდებულება ამ სფეროს რეგულირების და 2 წლის წინ ინსპექტირების სამსახური შექმნა, თუმცა ამ სამსახურს არ აქვს უფლებები, რომ მოხდეს ამ სფეროში სიტუაციის გაუმჯობესება, ამიტომ ამ სამსახურს უფლებები უნდა გაეზარდოს" - განაცხადა ლევან გურგენიძემ. 

28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით, პროფესიული კავშირები მშვიდობიანი აქციებით, საწარმოო და უბედური შემთხვევების დროს დაღუპულთა საგანგაშო სტატისტიკას შეახსენებენ საზოგადოებასა და ხელისუფლებას.  შრომითი უსაფრთხოების გამკაცრებას და ქმედუნარიანი შრომის ინსპექციის შექმნას მოითხოვენ.

საქართველოში, არასრულ 11 წელში, საწარმოო ტრავმით 473 მუშა გარდაიცვალა, ხოლო 805 დასახიჩრებულია.

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი