სკოლა ბათუმში, რომელიც უცხო ქვეყნის განათლების სამინისტროს ექვემდებარება 

12 აპრილი 2018, 00:00 6577 ნახვა

ბათუმში, 2016 წლის 19 სექტემბერს გახსნილი თურქული სკოლა, რომელიც თურქეთს საკონსულოს დაქვემდებარებაშია, ისევ ავტორიზაციის გარეშე ფუნქციონირებს.

სკოლას სახელმწიფოსთან არც სხვა ტიპის შეთანხმება აქვს გაფორმებული, რასაც კანონი ითვალისწინებს.

ავტორიზაციასთან ერთად, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სკოლის მშენებლობა, 2016 წელს, ბათუმის მერიის ნებართვის გარეშე დასრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 

თავდაპირველად სკოლის ადმინისტრაციას მივაკითხეთ.

თურქეთის საკონსულოს სკოლა, ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს. შენობა შემოსაზღვრულია და მას კერძო დაცვა იცავს. მასზე არ არის გამოკრული აბრა, შენობის წინ ქართული და თურქული დროშები ფრიალებს. 

სკოლა შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს, შენობაში არიან ბავშვები, ასწავლიან თურქეთიდან მოწვეული პედაგოგები და ბათუმში მცხოვრები მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები იღებენ დაწყებით განათლებას. 

სწავლება, სავარაუდოდ, თურქეთის განათლების სამინისტროს პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს, თურქულ ენაზე, შესაბამისად სკოლის დიპლომიც არაქართული გაიცემა (რადგან სკოლას არ აქვს გავლილი ავტორიზაცია და არ არის აღიარებული ქვეყნის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებად).

სკოლის ადმინისტრაციასთან ამ დეტალების დაზუსტება ვერ შევძელით, რადგან ტერიტორიაზე გადაღების უფლება არ მოგვცეს, დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კი, კითხვებზე საპასუხოდ თურქეთის საკონსულოში გადაგვამისამართა.

​აქვს თუ არა სკოლას გავლილი ავტორიზაცია, რამდენად შესაძლებელია ამ ფორმატით ფუნქციონირება და ბათუმის მერიასთან, როგორ გადაწყდა უნებართვოდ აგებული შენობის საკითხი?ამ კითხვებზე თურქეთის საკონსულომ  წერილობით გვიპასუხა. მათი ინფორმაციით, სკოლას ფუნქციონირებისთვის ხელმოწერილი დოკუმენტი არ გააჩნია. 

"ბათუმში თურქული სკოლა საქართველოს მთავრობის თანხმობით დაფუძნდა. აღნიშნული სკოლა, ამჟამად, მხოლოდ თურქ ბავშვებს ემსახურება. სკოლასთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მომზადდა ორმხრივი შეთანხმება, რომლის ხელმოწერა უახლოეს მომავალში იგეგმება. შეთანხმების ხელმოწერა ბოლო ეტაპზეა. აღნიშნული სკოლა გაზრდის ახალ თაობებს, რომელიც თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს" - გვიპასუხეს საკონსულოდან წერილობით. 

საქართველოს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია და სასწავლო პროცესი წარიმართოს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი პროგრამებით. კანონმდებლობის აღსრულება ყველასთვის სავალდებულოა.

საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით:  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის თანახმად, დასაშვებია საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, რომლის აღიარებისთვისაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა ისეთ შემთხვევას არ ითვალისწინებს, როდესაც სკოლა სხვა ქვეყნის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია“.

კანონიდან გამომდინარე, თურქული სკოლა, ბათუმში კანონის შესაბამისად არ ფუნქციონირებს.

როგორ რეაგირებს სახელმწიფო უწყებები მაშინ, როცა უკვე 2 წელია, ბათუმში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო დაწესებულება, ოფიციალური დოკუმენტაციის გარეშე, რომელიც არღვევს ქვეყნის კანონმდებლობას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მაუწყებელთან აცხადებს, რომ განათლების საკითხები მას არ ეხება და განათლების სამინისტროში გვამისამართებს.

აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი კი ამბობს, რომ სკოლამ ფუნქციონირებისთვის უნდა გაიაროს გარკვეული პროცესები, რაც არ მომხდარა.  „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტორიზაციის პროცესი, რომლის სტანდარტებსაც ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადგენს.  სწორედ ის მიადევნებს თვალს ავტორიზაციის პროცესს და მხოლოდ ამის შემდეგ, ყველა ამ პუნქტის გავლის შემდეგ, როდესაც სკოლას მიენიჭება ავტორიზაცია, განახორციელებს ის საგანმანათლებლო პროცესს. ჯერჯერობით ამ პროცესებში სკოლა ჩართული არ არის" - უთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელს მინისტრმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გვეუბნებიან, რომ ისინი მაშინ ერთვებიან პროცესში, როცა მას ავტორიზაციას თხოვენ. თუ სკოლას არ აქვს გავლილი ეს პროცედურა, მაშინ საკითხი მათ არ ეხებათ.

საქართველოს განათლების სამინისტროში  გვეუბნებიან, რომ თუ სკოლა მოქმედებს კანონდარღვევით  მას კანონი არეგულირებს. ვინ უნდა გააკონტროლოს ეს პროცესი, ამ კითხვაზე სამინისტროდან პასუხი არ მოსულა.

„სისხლის სამართლის კოდექსის 192-1 მუხლის თანახმად, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება ისჯება ჯარიმით. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით“ - მოგვწერა სამინისტროს იურიდიული სამსახურის წარმომადგენელმა. 

შს სამინისტროში კი ამბობენ, რომ გამოძიების ან მოკვლევის დასაწყებად, მაკონტროლებელი ორგანოს მიმართვაა საჭირო.  2 წლის განმავლობაში, ამ დარღვევის შესახებ შევიდა თუ არ ასამინისტროში განცხადება, უწყებაში აზუსტებენ. 

უნებართვოდ აშენებული შენობა, რომელში თურქული სკოლა ფუნქციონირებს...

სკოლა 2016 წელის 19  სექტემბერს გაიხსნა და გახსნასთან ერთად ცნობილი გახდა, რომ ობიექტი  უკანონოდ ააშენეს. ის, რომ ნებართვა მშენებლობაზე არ იყო გაცემული, ეს წერილობით ბათუმის მერიამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ შესაძლოა მისი დემონტაჟის საკითხიც დამდგარიყო. აღმოჩნდა, რომ 19 თვის შემდეგაც, შენობა ისევ დგას და სასწავლო პროცესიც გრძელდება.

როგორ გადაიჭრა უნებართვოდ გაცემული შენების საკითხი? - კითხვა ღია დარჩა, ბათუმის მერიაში  კომენტარს არ აკეთებენ. შესაბამისად, უცნობია დააჯარიმეს თუ არა უკანონო მშენებლობისთვის ვინმე, ან დგას თუ არა კვლავ დღის წესრიგში დემონტაჟის საკითხი.

საქართველოს განათლების სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ თუ მხარეებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი იარსებებს, საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების არსებობის შემთხვევაში მას  ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში, უპირატესი იურიდიული ძალა ექნება. 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი