ბათუმის ფეხბურთის სტადიონის მშენებლობას ზედამხედველობას შპს ''კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია'' გაუწევს. სწორედ ეს კომპანია დასახელდა ტენდერში გამარჯვებულად.
გადაწყვეტილება, შპს "სტადიონის" სატენდერო კომისიამ დღეს მიიღო და კომპანიას შეტყობინება გაუგზავნა: მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ტენდერში გამარჯვებულია შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ გამოვლინდა.
თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, სატენდერო კომისიამ, დამატებით დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა.
აღნიშნულ სამუშაოებზე 3 მილიონ 520`474 ლარი იყო გათვალისწინებული, კომპანიამ კი ამ სამუშაოებში 2 მილიონ 847`000 ლარი მოითხოვა.
კომპანია ვალდებულია სტადიონის მშენებლობის პროცესს ყოველდღიური ზედამხედველობა გაუწიოს. შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება სამშენებლო სამუშაოები კანონმდებლობას და პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 4 თვის წინ დაიწყო, მისი ღირებულება 99 მილიონ 448 ათასი ლარია. მოედნის სამშენებლო კომპანია "ანაგი" აშენებს და მისი დასრულება 2020 წელს იგეგმება.