გამომგონებელი ბავშვები - რადიოვიზია

11 აპრილი 2018, 00:00 2530 ნახვა

ამბობენ, რომ ახალგაზრდებში ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესი გაქრა, თუმცა საპირისპიროზე მეტყველებს ბოლო წლებში გავრცელებული არაერთი ინფორმაცია ქართველი ახალგაზრდების წარმატებებზე.

მათ შორისაა მოძრავი ავტოფარეხის, პულსისა და ტემპერატურის საზომი სამაჯურის, ჰაერის გამწმენდი სისტემის გამოგონებისა თუ ქართველი მოსწავლეების ნასაში ვიზიტის შესახებ გავრცელებული ამბები . 
საპირისპიროზე მეტყველებს ჩვენი რესპონდენტების მაგალითებიც, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი გამოგონებით თუ შემოქმედებით პროცესებში და მუშაობენ საინტერესო პროექტებზე .

მეთორმეტე კლასში სწავლობს მარიამ აბესლამიძე, სწავლის გაგრძელებას  ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით აპირებს. ამჟამად პროექტზე მუშაობს, რომლის დასრულების შემთხვევაში, დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება ჰიპერგლიკემიის დროს თავი დააღწიონ  შოკურ მდგომარეობას.

აირის გაჟონვის აღმკვეთი მოდულის შექმნაზე იმუშავა მეთორმეტე კლასის მოსწავლე ენრიკო გეგიძემ, იდეა ჯერ კიდევ მეათე კლასში გაუჩნდა, დღეს კი მასთან თანამშრომლობის სურვილი უკვე რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა. 

გიორგი დონაძე მეთერთმეტე კლასში სწავლობს. ფიქრობს, რომ ტექნიკურ საგნებში მოსწავლეების დასაინტერესებლად მნიშვნელოვანია თეორიული მასალის ვიზუალიზაცია. გიორგიმ თავად იმუშავა ‘ომის კანონის’ ვიზუალიზაციაზე, შედეგად კი  მიმდევრობითი და პარალელური შეერთების სადემონსტრაციო მოდელი ერთ-ერთ კონკურსზეც წარადგინა.

ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია - ეს ის საგნებია, რომელიც ბავშვის აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს, ამბობენ ექსპერტები. ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც ვკითხულობთ, რომ საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია აზიაროს მოსწავლე   საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს  კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს შეიცნოს და გაითავისოს სამყარო,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და  გარემოს მიმართ.
იმისთვის რომ გეგმა განხორციელდეს და უფრო მეტი მოსწავლე დაინტერესდეს ტექნიკური და საბუნებისმეტყველო საგნებით, მნიშვნელოვანია სკოლებში შესაბამისი პირობების შექნა. 

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი