ზოოკუთხის გადატანის საკითხს ხვალ, 11 აპრილს ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. იდეა ქალაქის მერს ეკუთვნის, ლაშა კომახიძის წინადადებაზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე უკვე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრების მხარდაჭერის შემთხვევაში ქალაქის ზოოპარკი ჩაქვში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა.
ლაშა კომახიძის თქმით, ზოოკუთხე ბოტანიკური ბაღის ტურისტულ მარშრუტში მოექცევა და მას გაცილებით მეტი დამთვალიერებელი ეყოლება.
''ტერიტორია იძლევა საშუალებას ზოოპარკი გაფართოვდეს, შეემატოს ბინადრები და მათი ყოფითი პირობები გაუმჯობესდეს, პროცესებში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა იგეგმება, რომლის ფინანსებს ფონდი „ქართუ“ დაფარავს. ფონდი ასევე მზადაა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტერიტორიის მომზადებისას ახალი ზოოპარკის სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს,'' - დაწერა სოციალურ ქსელში მერმა.
ზოოკუთხე 170 ათას 338 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდება.
რას ტიპის ობიექტები გაჩნდება ზოოპარკის ადგილას, ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ბათუმის მერიაში, ცენტრალური პარკის ”კომერციალიზაციის”' პროექტი მუშავდება. რეკრეაციული ზონის მოწყობა, მსუბუქი კონსტრუქციებით იგეგმება.
''პარკის შემოსავლები უნდა გაიზარდოს და ტურისტებისა და ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდეს. ჩვენი იდეაფიქსი არაა კაფეების გაკეთება, ჩვენი იდეაა ხალხის მოზიდვა პარკში" - ამბობს მერი.