2017 წელს საქართველოს გზებზე 6079 ავარია დაფიქსირდა, შედეგად 517 ადამიანი დაიღუპა, 8461 კი დაშავდა - წერია აუდიტის დასკვნაში, რომელიც საგზაო უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობას ეხებოდა.
დოკუმენტში ცალკეა აღნიშნული ბათუმში არსებული "შავი წერტილები, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ოთხი ქუჩაა დასახელებული.
პირველ ადგილს ბაგრატიონის ქუჩაზე იკავებს, სადაც 2016-17 წლებში ოფიციალურად 168 ავტოსაგზაო შემთხვევაა აღრიცხული. დასკვნაში ბაგრატიონის ქუჩის მონაკვეთი დაკონკრეტებული არ არის, თუმცა მაუწყებლის მიერ დაფიქსირებული ფაქტების მიხედვით, ავარიების დიდი ნაწილი "შავი ზღვის კარიბჭესთან", ე.წ რკინის თაღთან ხდება.
ნუსხაში შემდეგი სახიფათო ადგილი ჭავჭავაძის ქუჩაა, სადაც ორი წელიწადში 130 ავარია დაფიქსირდა. მაუწყებლის არქივში აქ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების ათობით მასალა ინახება, ავარიების ნაწილი ფატალურად დასრულდა. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ქვეითად მოსიარულე იყო, ამიტომ მოქალაქეებმა ბათუმის მერია აიძულეს ქუჩის გამყოფი ჯებირი გაეკეთებინა.
აუდიტის დასკვნიდან ირკვევა, რომ მესამე "შავი წერტილი" ბათუმში აეროპორტის გზატკეცილია, აქ 81 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე 76 ავტოავარია მოხდა.
2018 წლის მონაცემები ჯერ უცნობია, თუმცა თუ მაუწყებლის ბოლო სამი თვის სტატიების მიხედვით ვიმსჯელებთ, მეხუთე "შავი წერტილი", შესაძლოა, პუშკინისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთა აღმოჩნდეს.
ამ მონაკვეთში მცხოვრებლები ამბობს, რომ ავარია აქ თითქმის ყოველ დღე ხდება. მათი თქმით, მძღოლები სწრაფად მოძრაობენ, საგზაო ნიშნები კი არასაკმარისია.
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების მზარდი ტენდენცია 2011 წლიდან შეინიშნება. აღნიშნული პერიოდიდან, 2016 წლამდე საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა კი 35%-ით.
ქვეყანაში ოფიციალურად 1,2 მილიონი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული, მათ შორის, 0,9 მილიონი მსუბუქი ავტომანქანა, ხოლო 1,3 მილიონი მართვის მოწმობა.