დავით სერგეენკო: ''რეგულირების სააგენტო ვალდებულია მიმართვის საფუძველზე საქმის მოკვლევა დაიწყოს''

02 აპრილი 2018, 00:00 1932 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რეგულირების სააგენტო ვალდებულია მიმართვის საფუძველზე საქმის მოკვლევა დაიწყოს. 

დავით სერგეენკომ განმარტა, რომ ვალდებულება წარმოიშვება თუ სააგენტოს დაზარალებული ან ის პირი მიმართვს, ვისაც კითხვები გაუჩნდა. 

‘’ნებისმიერი საკითხი, რომელიც მომსახურების სფეროში რაიმე პოტენციურ პრობლემას ეხება, რეგულირების სააგენტოს და შემდეგ პროფესიული განვითარების საბჭოს განხილვის საგანი ხდება. როდესაც საკითხი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას ეხება შესწავლა ავტომატურ რეჟიმში იწყება, მაშინვე რამდენიმე საათში ხდება რეგულირების სააგენტოს თანამშრომლების ადგილზე ჩასვლა. მინიმალური ვადა არის სამი კვირა, გააჩნია შემთხვევის სირთულეს. სააგენტო ცდილობს მსგავსი შემთხვევები, მაქსიმალურად მოკლე ვადებში განიხილოს’’ - ამბობს მინისტრი. 

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმეზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მიმართავს. მაუწყებელს 26 წლის ზუკა ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. კერძოდ, კითხვის ნიშნებია პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის მიმართ. 

ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება შსს-მ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

მაუწყებლის თანამშრომელი, 30 მარტს ბათუმის მედცენტრში გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი