ასწლოვანი ევკალიპტი, რომელიც აჭარაში რჩება - სახელმწიფო აუქციონი ოპოზიციამ მოიგო

28 მარტი 2018, 00:00 4077 ნახვა

300-წლოვანი ევკალიპტი მწვანე კონცხზე დარჩა. ის 20 020 ლარად ''დმანისის გადარჩენის ფონდმა'' შეისყიდა, რომელიც ოპოზიციური და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა შემქნილი. ფონდის წევრები მიიჩნევენ, რომ ასწლოვან ევკალიპტზე აუქციონი ყოფილი პრემიერ მინისტრის გამო გამოცხადდა.  

ხე სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე იდგა, ამიტომ ფინანსთა სამინისტრომ, კანონმდებლობის შესაბამისად, აუქციონი გამოაცხადა. მრავალწლოვანი ხის საწყისი ღირებულება 7000 ლარი იყო. აუქციონს ორი მონაწილე ჰყავდა. 3 საუკუნის ევკალიპტი 20 ათას 20 ლარად გაიყიდა. 

თანხის გადასახდელად, ფონდს 10-დღიანი ვადა აქვს, გამარჯვებულებმა აღნიშნულ დროში თანხის მობილიზება უნდა შესძლონ. გახსნილია სპეციალური ანგარიშიც, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს თანხის გადარიცხვა შეუძლია. 

‘’თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ერთად გამოვისყიდოთ ევკალიპტის ხე და შევაჩეროთ #ხეგლეჯიაივანიშვილი’’ - წერენ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები სოციალურ ქსელში და ანგარიშის ნომერს აქვეყნებენ.  პარტიაში ამბობენ, რომ შემოწირულობები უკვე შევიდა.

რეგიონიდან ხეების გატანის პროცესი ორ წელს ითვლის. ზუსტად 24 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველად იხილეს უცნაური სანახაობა, გიგანტური ხე ზღვაში. 2016 წლის 25 მარტს, ციხისძირიდან, ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, გიგანტური ''ტიტა-ხე'' ბორანის მეშვეობით გადაიტანეს. 

ორი წლის შემდეგ, ზუსტი ციფრი, რამდენი ხე ამოითხარა და გადაირგო დენდროლოგიურ პარკში, უცნობია, თუმცა ''მოსიარულე ხეები" აჭარის მოსახლეობის ყოველდღიურობა გახდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, აჭარიდან გურიის მიმართულებით,  ზღვით თუ ხმელეთით 60-მდე ხეა ტრანსპორტირებული. 

ამავე კატეგორიაში