ხულოში, სოფელ მანიაკეთში, ხის პატარა ფიცრულში ბენზინს და დიზელს წლების განმავლობაში კერძო პირი ყიდდა. ორი წელია ჩამოსასხმელი აპარატები არ მუშაობს. ტერიტორია დანაგვიანებულია, ყრია პლასტმასის ბოთლები და საყოფაცხოვრებო ნარჩენები. დანადგარი დაჟანგული და უფუნქციოა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ წლების განმავლობაში საწვავის საყიდლად სწორედ აქ დადიოდნენ. პატარა ბენზინგასამართი სადგურით ხულოს 10 სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა.
ეს კი ბენზინის ავზია. სოფლის ცენტრში ის უკვე რამდენიმე წელია, გზის განაპირას დევს.
ხულოს მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ უფუნქციოდ დარჩენილი მსგავსი დანადგარებისა და უსახური შენობების კონტროლს მათ კანონი არ ავალდებულებთ. შესაბამისად სამართლებრივად მოქმედების ძალა არ აქვთ.
მერიის წარმომადგენლები გეგმავენ საკრებულოს ინიციატივით მიმართონ. სურთ, რომ ამ კუთხით უფლებები გაეზარდოთ და კონტროლის მექანიზმი გამკაცრდეს.
მიტოვებული ბენზინგასამართისადგურები ხულოს რამდენიმე სოფელში შეგხვდებათ. ამ დრომდე არცერთი კომპანია ან კერძო პირი არ დაჯარიმებულა.