‘’ვერცერთი დეველოპერი უკანონოდ დაშენებულ სართულებს, მკაცრი სანქციების გარეშე ვერ დაიკანონებს'' - ბათუმის მერი

01 მარტი 2018, 00:00 3749 ნახვა

‘’ჩემი მერობის პერიოდში, ვერცერთი დეველოპერი უკანონოდ დაშენებულ სართულებს ვერ დაიკანონებს, მკაცრი სანქციებისა და სერიოზული ჯარიმის გარეშე’’ – ამბობს ლაშა კომახიძე.

მერი პირობას დებს, რომ კონტროლი გამკაცრდება, მსგავსი პროცესების წახალისებას კი ადგილი არ ექნება.

ლაშა კომახიძის თქმით, მერიას ჯარიმების გაზრდის უფლება არ აქვს, ამიტომ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ინიციატივებით მიმართავს - დედაქალაქის მსგავსად სამშენებლო სამუშაოებსა და შრომით უსაფრთხოებაზე რეგულაციები ბათუმშიც გამკაცრდეს.

‘’დარღვეულ სამშენებლო რეგულაციებზე საჯარიმო თანხა, მაგალითად ათასი ლარი, საკმარისი არ არის. ამიტომ ვფიქრობ ამ კუთხით უნდა ვიმუშავოთ’’ - ამბობს მერი.

ლაშა კომახიძის განმარტებები ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრების შეკითხის საპასუხოდ გააკეთა. ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ კომპანიები გაცემულ ნებართვაზე უფრო მაღალსართულიან კორპუსებს აშენებენ, მერია კი მსგავს ობიექტებს იბარებს.

ბათუმის თვითმმართველობას შრომის უსაფრთხოების გამკაცრების დასაბუთებით პარლამენტისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს, მიუხედავად იმისა, რომ მუშათა დაღუპვისა და დასახიჩრების სტატისტიკა მაღალია და ის დედაქალაქს მონაცემებს უახლოვდება. პარლამენტი კი სანქციების გამკაცრების აუცილებლობის დასაბუთებას თვითმმართველობებისგან ითხოვდა. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ რამდენიმე დღის წინ, აჭარის მაუწყებელთან განაცხადა, რომ იმაზე მეტად კანონის გამკაცრება, რაც კოდექსში წერია, თბილისის გარდა არც ერთ სხვა მუნიციპალიტეტს არ მოუთხოვია, მათ შორის არც ბათუმს.

აჭარის პროფკავშირების ინფორმაციით, ბათუმში შრომის უსაფრთხოების დარღვევის შედეგად, 2016-17 წლებში 23 დაიღუპა, 10-ზე  მეტი დასახიჩრდა. 2018 წელს კი 1 ადამიანი დაიღუპა.

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი