''ბათუმის ცენტრალურ პარკში" კოლონადები აღდგება

16 თებერვალი 2018, 00:00 9929 ნახვა

"ბათუმის ცენტრალურ პარკში"  ნურის ტბასთან ​კოლონადები აღდგება, ტბის მეორე მხარეს კი, შესაძლოა, ტერასა მოეწყოს, სადაც საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები განთავსდება. 

ინფორმაციას ტურისტული მართვის სააგენტო ავრცელებს. ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ პარკის შესასვლელი მხრიდან, ტბაზე აღდგება კოლონადები იმ სახით, როგორიც დაახლოებით 30 წლებში აშენდა. კოლონადები ასლან აბაშიძის პერიოდში დაინგრა, მოტივი მაშინ თანაქალაქელებისთვის არ აუხსნიათ. 

კოლონადების და ტერასის ესკიზები უკვე მზად არის, როგორც ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის დამუშავება და ღირებულების დადგენა. წინასწარი მონაცემებით კოლონადების მშენებლობა 80 ათასიდან 100 000 ლარამდე დაჯდება. 

ალექსანდრე თევზაძე ამბობს, რომ კოლონადების აღდგენისთვის ფინანსების მოზიდვას კერძო ბიზნესისგან ცდილობენ.  

‘’სავარაუდოდ, ბიუჯეტის თანხები არ დაიხარჯება. ვფიქრობთ შევთავაზოთ მისი მშენებლობა კერძო ბიზნესმენებს, ხოლო ქვის მოედანზე (კოლონადების ირგვლივ)  მათი კომპანიის ინიციალები და ლოგო ამოიტვიფროს. არის დაინტერესება, ვესაუბრეთ წინმსწრებად რამდენიმე ბიზნესმენს, იმედია ბათუმს გაუკეთებენ ასეთ საქმეს" - ამბობს აჭარის მაუწყებელთან ალექსანდრე თევზაძე. 

რაც შეეხება კოლონადების ესკიზს და პარკის განვითარების კონცეპტუალურ ნაწილს, იგი მერიის დაკვეთით შპს "ERGO GRUP" 4500 ლარად დაამზადა. 

პარკის კონცეპტუალურ ნაწილის დამუშავების დროს, კომპანია მუნიციპალიტეტს ტბის ნაპირზე, დელფინარიუმის მხრიდან, ტერასის მოწყობას სთავაზობს,  რომლის ფართობი 1500 კვ/მეტრი იქნება, აქედან კი 50 კვ/მეტრი კომერციული დანიშნულების შეიძლება იყოს, სადაც ნავების გაქირავების სერვისი განთავსდება. 

ალექსანდრე თევზაძე განმარტავს, რომ ამ ტერიტორიაზე არ არის გათვალისწინებული კონსტრუქციების აგება კაფეებისთვის ან რესტორნებისთვის, თუმცა არ გამორიცხავს მაგიდები, შეზლონგები ან სკამები დაიდგას.  "აქ საუბარია იმაზე, რომ მოწესრიგდეს სივრცე, მოხდეს მისი დატვირთვა, რატომაც არა უნდა დაიდგას მაგიდები, ეკონომიკურად უნდა დაიტვირთოს ეს ადგილი, აქ ისედაც ბევრი ხალხი მოძრაობს, გვერდით არის დელფინარიუმი და ყოველდღიურად 4 ათასი ადამიანი იყრის თავს" - ამბობს ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსი.

მოეწყობა თუ არ ამ ტერიტორიაზე ტერასა, ეს გადაწყვეტილება მერიას ჯერ არ მიუღია, თევზაძის განცხადებით მუშავდება კონცეფცია და მზად არის ამ თემაზე ქალაქში დისკუსია დაიწყოს. 

ტერასის კონეპტუალური განშლა პროექტის მიხედვით

  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი