აჭარის მაუწყებელი: ''ჩვენი წარმატება მნიშვნელოვნად იყო და არის დამოკიდებული „რადიო თავისუფლებასთან'' თანამშრომლობაზე

31 იანვარი 2018, 00:00 3670 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტი ‘’რადიო თავისუფლების’’ ირგვლივ, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  წერილს აქვეყნებს.

‘’მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს წარმატება მნიშვნელოვნად იყო და არის დამოკიდებული „რადიო თავისუფლების“ ქართულ წარმომადგენლობასთან პარტნიორობაზე.

ჯერ კიდევ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტის სტატუსით მუშაობისას, რადიო აჭარას ჰქონდა ფუფუნება ეთანამშრომლა „რადიო თავისუფლებასთან“. ამ თანამშრომლობის შედეგად შეძენილმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც რადიო აჭარის, ასევე აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის საკმაოდ რთულ საქმეში.

დღემდე ჩვენ ვცდილობთ დავამტკიცოთ ერთგულება მედიასტანდარტების მიმართ და აბსოლუტურ დამოუკიდებლობას მივაღწიოთ. მაგრამ ეს არ არის მარტივი პროცესი პოლიტიკურად პოლარიზებულ მედიაგარემოში. მაშინ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლების ისტორიული გამოცდილება ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, 2017 წელს ჩვენ „რადიო თავისუფლების“ გუნდთან ერთად შევძელით შეგვეცვალა არსებული სტერეოტიპები ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით.

ჩვენი არხის სარედაქციო პოლიტიკის ხარისხი და გაუმჯობესება აღიარებულია შიდა და საერთაშორისო შეფასებებით. დღეს, ისე როგორც არასდროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, რათა მედიასტანდარტების სრული დაცვით, მიუკერძოებლად და პოლიტიკური ინტერესებიდან სრულად დისტანცირებულად შეასრულოს თავისი კანონისმიერი ფუნქცია, დემოკრატიულ საწყისებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან გზაზე კი ისეთი საიმედო მედიაპარტნიორის არსებობა, როგორიც „რადიო თავისუფლების“ გუნდია, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არა კონკრეტული ტელე და რადიო არხის, არამედ მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის და ქვეყნის განვითარებისათვის მომდევნო ეტაპების წარმატებაში.

დარწმუნებულები ვართ, „რადიო თავისუფლების“ მიზნები საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანთა უფლებების განვითარების მიმართულებით უცვლელი დარჩება’’ - წერია განცხადებაში. 

რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც დავით კაკაბაძემ განაცხადა, გათავისუფლების მთავარი მიზეზი რუსთავი 2-თან თანამშრომლობის საკითხი გახდა.

''რადიო თავისუფლების'' ორი პროექტი, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადიოდა და დაიხურა, აჭარის ტელევიზიის ეთერში გადის. თანამშრომლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი